რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული სისტემის შექმნის მიმართულებით რუსეთი ჯერ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, მასკს ორბიტაზე 5 000-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს, რუსეთი კი საკუთარ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობს.
“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური. რამდენი მსგავსი აპარატი აქვს ორბიტაზე? 5 000-ზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა ჩვენ გვეამაყება, რომ ამის გაკეთება დავიწყეთ და ამას დამოუკიდებლად ვაკეთებთ.” – თქვა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, მოსკოვს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის მასკთან, კონტაქტი აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა კოსმოსში წესრიგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.
“ჩვენ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამით ვამაყობთ, ვამაყობთ ერთად და ცალ-ცალკე იმით, რომ, ყველა პოლიტიკური ხასიათის საკითხის მიუხედავად, ნაყოფიერად ვმუშაობთ.” – თქვა პუტინმა.
რუსეთი ცდილობს Starlink-ის მსგავსი საკომუნიკაციო ქსელის შექმნას, რომელიც სამხედროებს თანამედროვე კავშირის შესაძლებლობებს მისცემს. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ს აქტიურად იყენებენ სამხედრო კომუნიკაციისა და ოპერაციების მხარდასაჭერად.
უკრაინისთვის Starlink-ის ხელმისაწვდომობის საკითხი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზეც მოექცა ყურადღების ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, სისტემაზე წვდომის შეზღუდვის საკითხი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკთან დაკავშირებულ კონსულტაციებს მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით უკრაინელ სამხედროებს მომსახურება აღუდგინეს.
მასკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მომსახურების პირობების დარღვევის პრობლემა აღმოიფხვრა. ამასთან, გავრცელებული ცნობების თანახმად, Starlink-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად ტექნიკურად შეზღუდული იყო.


