საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.
სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
დღეს, მკაცრი გაფრთხილება თბილისმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან მიიღო. ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი პირდაპირ მიუთითებს, რომ ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვა დემოკრატიის ფუნდამენტს ანგრევს.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. პოლიტიკური სხვაობები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით, და არა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკური ოპონენტების გარიყვით.
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და მოახდინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ამასთანავე, სერიოზულად განიხილოს „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმა იქნება მოსმენილი“ – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიკიტა პოტურაევის განცხადებაში.
ევროპელი ლიბერალები „ქართული ოცნების“ ქმედებებს რუსული სტილის რეპრესიებს ადარებენ და საქმის უკან გაწვევასთან ერთად, ევროკავშირისგან მკაცრი, მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ. ალდეს წარმომადგენლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანი 2028 წლის არჩევნებამდე მთავარი კონკურენტების ჩამოშორებაა, რაც ასობით ათას ამომრჩეველს წარმომადგენლობის გარეშე დატოვებს. ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათვამია, რომ ხუთი პარტიის აკრძალვის მცდელობა იმ ფართომასშტაბიანი დარბევის ნაწილია, რაც საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვით გამოიხატება.
„ლიბერალები მკაცრად გმობენ შემოთავაზებულ აკრძალვას და ითხოვენ საქმის უკან გაწვევას, ასევე მოითხოვენ ევროკავშირის მიერ უფრო მკაცრი, მიზანმიმართული სანქციების დაწესებას რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. პარტიების აკრძალვის მცდელობას ევროპარლამენტიც დაუპირისპირდა.
ეს ნაბიჯი დისიდენტობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტები „ლიბერალ ფაშისტებად“ მოიხსენია, ხოლო ხელისუფლებამ გაამკაცრა შეზღუდვები საპროტესტო აქციებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. მთავრობის მიდგომა შედარებულია რუსეთის მიერ ოპოზიციის რეპრესიებთან.
ქართველი ლიბერალებისთვის ეს ბრძოლა მხოლოდ ხუთი პარტიის ბედს არ ეხება. საქმე ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები თავიანთი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული კურსის გაგრძელებას მაშინ, როდესაც მისი დემოკრატიული თავისუფლებები იზღუდება“ – ნათქვამია ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტის აოიფ დევერეს განცხადებაში.
„ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“ კი ღიად აცხადებს, რომ ოპოზიციური ხმების ჩახშობა საქართველოს საბოლოოდ უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარტიების გაუქმების პროცესი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კრიზისის, რეპრესიული კანონებისა და პოლიტპატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე ვითარდება.
„ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპულმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ამგვარი ქმედებები შეჩერდეს. ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაცული უნდა იქნას. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დამოუკიდებელ ხმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იმოქმედონ დაშინების შიშის გარეშე“ – ნათქვამია „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის“ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელზე მიმდინარე სასამართლო განხილვას დასავლეთში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლად აღიქვამენ და „ქართულ ოცნებას“ სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.


