რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი თქმით, 9 ნოემბერს სერვერებს გათიშავენ და შენობას დატოვებენ, ხოლო ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს მუშაობის შეწყვეტაში ადანაშაულებენ.
„მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა.ქვეყანაში ლიკვიდირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მათი დაცვა დანაშაულთან არის გათანაბრებული. დე ფაქტო გაუქმებულია არჩევნები და არჩევითი ხელისუფლების ორგანოები. განადგურებულია საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ფეხქვეშ არის გათელილი სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება. ბინძური ხელებით ამობრუნებულია პირადი ცხოვრება. ნუთუ დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: ცენზურა აკრძალულია“? სასამართლო განადგურებულია კანონთან და სამართალთან ერთად. საკუთარი შეხედულებების ქონა ახლა უკვე სახელმწიფო ღალატად ითვლება. მაგრამ ღალატი სწორედ ის არის, როდესაც სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს. ეს ღალატი განგრძობადი დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამაზე ვწერდით. სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მოგვკლეს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა”, – აღნიშნულია გამოცემის განცხადებაში.
განცხადებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში, პოტაპოვსკის შესახვევში მდებარე ოფისიდან ასახლებენ. გამოსახლების გამო დაიხურება ანა პოლიტკოვსკაიას მუზეუმიც. რედაქცია ამტკიცებს, რომ ბანკების ახსნა-განმარტებები არ არის დამაჯერებელი და ამაში სახელმწიფოს ხელს ხედავენ.
„ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული საქმეების გარდა, რედაქციაში მრავალსაათიანი ჩხრეკა ჩატარდა, ჩხრეკა მოხდა მთავარი რედაქტორის ბინაშიც.
- ჟურნალისტი ოლეგ როლდუგინი 9 აპრილს დააკავეს, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმეზე. ბრალდება ეხება მონაცემების უკანონო გამოყენებასა და შენახვას(სსკ-ის 272.1-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
- 15 ოქტომბერს მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი ბინაში ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე წაიყვანეს; სააგენტო TASS-ის ცნობით, დაკითხვა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმეს უკავშირდებოდა. „ვედომოსტის“ ცნობით, ის დაკითხეს მოწმის სტატუსით და გაათავისუფლეს.
- 4 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ უცხო აგენტების რეესტრში შეიყვანა. უწყების განმარტებით, გამოცემა ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და არჩევნების სისტემის შესახებ.
„ნოვაია გაზეტამ” პირველი ნომერი 1993 წლის აპრილში გამოუშვა. მის დასაფინანსებლად მიხეილ გორბაჩოვმა 1990 წელს მიღებული ნობელის მშვიდობის პრემიის ფულის ნაწილი გამოიყენა. მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. რედაქცია განცხადებაში მოიხსენიებს ექვს დახოცილ თანამშრომელს: იგორ დომნიკოვს, იური შჩეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, სტას მარკელოვს, ანასტასია ბაბუროვას და ნატალია ესტემიროვას.


