დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ დიზელზე, მერე კი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად დამტკიცებულ სულ ახალ „ჯოჯოხეთურ სანქციებსაც“. კრემლს იმედი აქვს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით ტრამპი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს მოქმედებას. ამერიკული პრესა კი წერს, რომ ტრამპის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საუბარი ევროპაში რუსული გაზის ფართომასშტაბიანი მიწოდების აღდგენაზე.
შეუძლია თუ არა ტრამპს პუტინს დაუბრუნოს „გაზპრომის“ უდიდესი ბაზარი და ევროკავშირზე ეკონომიკური ზეწოლის მთავარი ბერკეტი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაკარგა?
ევროპა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ევროკავშირის კანონმდებლობა კი მოითხოვს, რომ ერთ წელიწადში რუსეთიდან გაზის შესყიდვა სრულად შეწყდეს. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „გაზპრომთან“ და „ნოვატეკთან“ გამომშვიდობება გადაიდოს – ოღონდ არა ტრამპის ძალისხმევის, არამედ ირანთან მისი ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო.
მაშინაც კი, თუ ევროკავშირი რუსეთისგან თხევადი და მილსადენით მოწოდებული გაზის შესყიდვას გააგრძელებს, კრემლი უკრაინაში ომის დასაფინანსებლად მნიშვნელოვან დამატებით შემოსავლებს ვერ მიიღებს, რადგან გაზის პროექტები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, აღნიშნავს კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი ტატიანა მიტროვა.
„რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლების მთავარი წყარო ყოველთვის ნავთობი იყო, გაზი კი, უპირველეს ყოვლისა, გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა“, — წერს ის.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროპამ რუსულ გაზზე სამუდამოდ უარის თქმა. მიწოდების აღდგენის საკითხში ის უსაფრთხოების მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და არა ეკონომიკური სარგებლით.
„სწორედ რუსეთმა გადაუკეტა ევროპას გაზი. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ რუსეთი მზად არის, ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება შანტაჟისთვის გამოიყენოს. ამიტომ რუსეთი ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებლად ვერ ჩაითვლება“, — განაცხადა ამ კვირაში ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ევროპა ამ გაკვეთილს არ დაივიწყებს. მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით კი მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ სანქციებს არ მოვხსნით, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს“.
„რუსეთიდან ევროპაში ენერგორესურსების მიწოდების აღდგენა ეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გარდაუვალია“, — განაცხადა ამ კვირაში ამერიკელებთან მოლაპარაკებებში პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა, რომლის სიტყვებსაც Reuters ციტირებს.
დმიტრიევი ტრამპის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს, ესაუბრება. სწორედ მათ შესთავაზეს უკრაინას კიევში უკრაინელებთან და ევროპელებთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე, აღედგინა თავისი მილსადენებით რუსული გაზის ევროპაში გატარება, რათა პუტინი ომის შეჩერებაზე დაეყოლიებინათ, — იტყობინება გაზეთი New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინამ ეს ტრანზიტი მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი 2025 წლის დადგომის ღამეს „გაზპრომთან“ ომამდე დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, და მის აღდგენას არ აპირებს.
ოდესღაც უკრაინის გავლით ტრანზიტი ევროპაში ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსული გაზის მიწოდების მთავარი გზა იყო. თუმცა პუტინის გადაწყვეტილებით, „გაზპრომმა“ ევროპელი ინვესტორების მონაწილეობით ბალტიის ზღვის ფსკერზე, უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიისკენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი გაზსადენი ააშენა.
ომის დაწყების შემდეგ კრემლმა ევროპაზე ზეწოლის მცდელობისას „ჩრდილოეთის ნაკადი“ გადაკეტა, მოგვიანებით კი გაზსადენი ააფეთქეს. დაუზიანებელი დარჩა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ორი ხაზიდან ერთი. თეორიულად, რუსული გაზის გატარება სწორედ ამ ხაზით შეიძლება განახლდეს.
დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელები განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც „ჩრდილოეთის ნაკადი“ მათი კონტროლის ქვეშ გადავა: ისინი რუსეთისგან გაზს შეისყიდიან, ევროპაში გადაყიდიან და აქედან პროცენტულ სარგებელს მიიღებენ.
თუმცა სირთულეები აქაც არის.
შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის სანქციების მოხსნა
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გადარჩენილი ხაზი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 27,5 მილიარდი კუბური მეტრია, არასდროს ყოფილა ექსპლუატაციაში და გერმანიაში სერტიფიცირებული არ არის, შეგვახსენებენ მიტროვა და მისი კოლეგა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ან-სოფი კორბო. შედარებისთვის: ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 340 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, საიდანაც 290 მილიარდი იმპორტირებულია, ძირითადად ნორვეგიიდან და აშშ-დან.
ამასთან, ექსპერტები წერენ, რომ „ევროკავშირის სანქციები კრძალავს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დასრულებას, ექსპლუატაციას, მომსახურებასა და გამოყენებას, ხოლო მფლობელის შეცვლა ამ შეზღუდვებს ვერ გააუქმებს“.
მართლაც, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის 2026 წლის იანვრის დირექტივის მე-3 მუხლში პირდაპირ წერია: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწვდის გაზს — მთავარია, რომ ის რუსეთის ფედერაციის წიაღიდან არის მოპოვებული. არც ის არის მნიშვნელოვანი, იქიდან გაზს მილსადენით აწვდიან თუ აცივებენ და თხევადი სახით ზღვით გადააქვთ. თუ გაზი წარმოშობით რუსულია, მისი შემოტანა ნებისმიერი გზით აკრძალულია.
ამ სანქციების მოხსნა რთულია, მაშინაც კი, თუ ტრამპი ევროკავშირზე ზეწოლას მოახდენს.
ევროპული კანონმდებლობის თანახმად, რუსეთში ენერგორესურსების შესყიდვის აკრძალვის მოქმედება შეიძლება მხოლოდ შეჩერდეს — ისიც ერთი თვით და მხოლოდ საგანგებო ვითარების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დროებითი შეჩერების პერიოდში დაშვებულია მხოლოდ მოკლევადიანი კონტრაქტები, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით უაზროა როგორც „გაზპრომისთვის“, ისე მილსადენით მოწოდებული გაზის ევროპელი მყიდველებისთვის.
თუ სანქციების არა დროებით შეჩერებაზე, არამედ საბოლოოდ მოხსნაზეა საუბარი, ამისთვის ევროკავშირის ახალი კანონის მიღება იქნება საჭირო.
ახალი კანონის ინიციატორი ევროკომისია უნდა იყოს, რის შემდეგაც ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ. ეს ნიშნავს, რომ ვეტოს უფლება არცერთ ქვეყანას არ ექნება, თუმცა საჭირო იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან სულ მცირე 15-ის მხარდაჭერა, რომელთა მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს შეადგენს.
ჯერჯერობით უმრავლესობა წინააღმდეგია.
რუსეთის მეზობლებს მტკიცე პოზიცია აქვთ. ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ამ კვირაში კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, რუსული გაზის შესყიდვაზე საუბარიც კი შეუძლებელია.
მაგრამ ფინეთი პატარა ქვეყანაა. რას ამბობს რუსული გაზის ყოფილი მთავარი მყიდველი და ევროკავშირის სამრეწველო მამოძრავებელი ძალა — გერმანია?
„ჩვენ გავეცანით აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. არც გერმანია და არც ევროპა მსგავს არაფერს განიხილავენ“, — განაცხადა ამ კვირაში გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
„რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ ზეწოლის შედეგად დათანხმდება. ამიტომ, უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უგუნური თავდასხმების ფონზე, სანქციები არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავამკაცროთ კიდეც“, — ციტირებს მერცს Reuters.
„ტრამპი კონკურენტებს ეხმარება“
ამავდროულად, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც უკვე ისმის რუსეთთან დაახლოებისა და სანქციების მოხსნის მხარდამჭერი მოწოდებები. ვითარება შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს უკვე მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, არჩევნები გაიმართება.
„ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის დასაბრუნებლად პოპულისტები იმდენ ქვეყანაში უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ მოქმედი სანქციების გასაუქმებლად საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, — წერენ კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტები.
აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლება არა მხოლოდ ამ პოპულისტებს უჭერს მხარს და რუსეთს უახლოვდება. ის ასევე აკონტროლებს ამერიკიდან ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს, რომლის წყალობითაც ევროკავშირმა რუსულ მიწოდებაზე უარის თქმა შეძლო.
ტრამპი პუტინი არ არის, აშშ კი — რუსეთი, და თეთრ სახლს ევროპაში ამერიკული გაზის ექსპორტის გადაკეტვა არ შეუძლია. მეტიც, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და გადახდისუნარიან ბაზარზე რუსული გაზის დაბრუნება ამერიკას სრულიად არ აწყობს.
„თავიდან აშშ ევროპას არწმუნებდა, რუსულ გაზზე უარი ამერიკულის სასარგებლოდ ეთქვა. ახლა კი ის ფაქტობრივად კონკურენტს ეხმარება, — წერენ კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტები. — ასეთი პოლიტიკა აძლიერებს რუსეთის პოზიციებს გაზის მსოფლიო ბაზარზე და ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკულ სტრატეგიას, რომლის მიზანიც მსოფლიოში „ენერგეტიკული დომინირების“ მიღწევაა“.
თუმცა ტრამპისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი ეს სტრატეგია კი არა, ირანში მიმდინარე ომია. ამ ომის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, გაძვირდა გაზიც, რადგან სპარსეთის ყურეში ჩაკეტილია მისი ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი — კატარი. ომის დასასრული არ ჩანს, ტრამპმა კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება არაერთხელ ახსნა იმით, რომ ნავთობისა და დიზელის ფასები მეტისმეტად მაღალია, რუსეთი კი ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და დახმარება შეუძლია.
ეს ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე რუსეთს რჩება იმედი, შეინარჩუნოს ევროპული გაზის ბაზრის — მისთვის ყველაზე ახლო და ყველაზე შემოსავლიანი ბაზრის — თუნდაც ნაწილი, მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ჰელენ ტომპსონი.
„ევროპულმა ქვეყნებმა იანვარში რუსეთში თხევადი გაზის შესყიდვაზე უარი უნდა თქვან. კატარისგან მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ ამ შეზღუდვების გვერდის ავლის გზა ვერ იპოვონ“.- განაცხადა მან.


