რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ გარეშე აქტორები ცდილობენ საქართველოს ანტირუსულ და საფრთხის შემცველ კამპანიებში ჩაბმას. არსებული ვითარება კი მათთვის „ყელში გაჩხერილი ძვალია.“
ზახაროვას მტკიცებით, თბილისმა არაერთხელ ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ხალხის ინტერესების საზიანოდ მოქმედებას და უარს ამბობს უცხოური დიქტატის შესრულებაზე.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის განმარტებით, კრემლი გაგებით ეკიდება თბილისის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია გარედან მომავალი ნეგატიური ჩარევების შესაჩერებლად და სუვერენიტეტის დასაცავად.
“არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ვითარება, რომელიც იქმნება, უბრალოდ, ყელში გაჩხერილი ძვალია არარეგიონალური მოთამაშეებისთვის, რომლებიც რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.
მგონი, თბილისმა არაერთხელ ძალიან მკაფიოდ და ფართოდ თქვა, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედება ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის.
გაგებით ვეკიდებით რესპუბლიკის მცდელობებს, ააშენონ გარკვეული ბარიერები გარედან თავსმოხვეული ამ დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ და ამავდროულად, იმოქმედონ თანასწორუფლებიან და ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე გარე პარტნიორებთან. ანუ ეს, ჩემი აზრით, შეესაბამება “სუვერენიტეტის” განმარტებას – როდესაც არ უშვებ ასეთ გამანადგურებელ გავლენებს, რომელთა მიზანიც არის არა დახმარება, არამედ ის, რომ უბრალოდ გიკარნახონ საკუთარი ნება, განსაკუთრებით კი ნება, რომელიც დესტრუქციული პროცესებისკენ მიდის”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.


