შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 64 არალეგალურად მყოფი უცხოელი დააკავეს. დაკავებულები არიან იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდისა და უზბეკეთის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაციასა და ობიექტზე გადაამოწმეს პირები, რომლებსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის დარღვევით იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.


