საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმების მეშვეობით აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები დააზარალა.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციის თანახმად კიშინიოვსა და ბელციში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ლიკვიდირებულია 5 არალეგალური ქოლცენტრი, ხოლო სულ 180-მდე პირი ფიგურირებს საქმეში. დანაშაულებრივ სქემაში ათობით ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები კამერუნიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, ნიგერიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
მოლდოვის სამართალდამცავების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ქართველები, დასაქმებულები იყვნენ „ოპერატორებად“. ორგანიზატორები მათ არჩევდნენ ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნის ნიშნით, რათა აშშ-სა და კანადაში მცხოვრებ პოტენციურ მსხვერპლებთან ტელეფონით საუბრისას ეჭვი არ აღეძრათ. ოპერატორები თავს „ფინანსურ ექსპერტებად“ ასაღებდნენ, აწვდიდნენ მოქალაქეებს ყალბ ინფორმაციას მაღალ მოგებაზე და მათ ფულს სძალავდნენ.
ქართველი და სხვა ეროვნების ოპერატორები სამუშაოზე აყვანისას და შემდგომ პერიოდულადაც, გადიოდნენ შემოწმებას სიცრუის დეტექტორზე. ამ მეთოდით ჯგუფის ორგანიზატორები ამოწმებდნენ, ხომ არ თანამშრომლობდნენ ოპერატორები პოლიციასთან ან ხომ არ მალავდნენ მითვისებულ ფულს.
მოლდოვის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრის ყოველთვიური არალეგალური შემოსავალი დაახლოებით 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ჩატარებული 21 ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, საბანკო ბარათები, კორპორაციული დოკუმენტები, სიგნალის ჩამხშობი აპარატურა და ხსენებული პოლიგრაფი. საქმეზე დაკავებულია ჯგუფის 8 წამყვანი ორგანიზატორი, ბუღალტერი და კოორდინატორი, ხოლო რიგითი ოპერატორების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრალდება თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.


