„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტზე საგანგებოდ იყო მიწვეული, ტრანზიტული ზონის გავლისას სამართალდამცავებმა აიყვანეს. იგი ამჟამად საკანში იმყოფება, ჩამორთმეული აქვს საბუთები და ბარგი, ხვალ დილით კი თბილისში გამოამგზავრებენ.
ზურა ჯაფარიძემ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში, რომ თურქულ მხარეს მასზე ინფორმაცია საქართველოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიაწოდეს.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“-წერს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძემ თურქეთის მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის მიერ დღეს, 2026 წლის 14 ოქტომბერს, 11:13 საათზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტიც გამოაქვეყნა. ეს არის „G კოდით ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების ფორმა“, საიდანაც ირკვევა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით — 2025 წლის 20 ნოემბრიდან 2030 წლის 20 ნოემბრამდე აქვს აკრძალული. დოკუმენტში მითითებულია G-87 კოდი, რაც საზოგადოებრივი წესრიგის ან უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE Party) სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც მომხდარი ქართულ ოპოზიციაზე განხორციელებულ ზეწოლად შეაფასა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ზურა ჯაფარიძე, ALDE-ს წევრი პარტიის — „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. იგი იმყოფება საკანში, ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ბარგი, ხვალ კი მას საქართველოში დააბრუნებენ. იგი ტრანზიტით მგზავრობდა ბრიუსელში, სადაც მიწვეული იყო და მონაწილეობა უნდა მიეღო Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში. ჩვენ ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და ვგმობთ იმას, რომ მსგავსი ზეწოლა კვლავ გრძელდება იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპული და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან“ – ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.
ზურაბ ჯაფარიძის მიმართ თურქეთში გაცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 60 დღის ვადაშია შესაძლებელი, თუმცა ვინაიდან სასამართლოში სარჩელის შეტანა დეპორტაციის პროცესს ავტომატურად არ აჩერებს, პოლიტიკოსს ქვეყნიდან ხვალვე გამოაძევებენ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შსს-ში განაცხადეს, რომ „რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა”.


