სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – განაცხადა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა საპატრიარქოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მომზადდა, თუმცა ეკლესია პროცესში ჩართვას აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არგუმენტებს დიდწილად იზიარებს და იმედოვნებს, რომ კანონპროექტის ავტორებთან დიალოგი შედეგიანი იქნება.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას იმ პირობით, რომ მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, თუ საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანი ტურიზმის წახალისება და არასეზონურ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების მოზიდვაა.
“ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.
გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, – თქვა დეკანოზმა.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პაკეტის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტში განსაზღვრულია, რას გულისხმობს საერთაშორისო აზარტული ტურნირი – ესაა სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული ორგანიზატორის მიერ და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
“თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ამავდროულად ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.” – ნათქვამია კანონპროექტში.


