გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ 14 სექტემბერს განაცხადა. ამავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – დაწერა გელაძემ.
სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.


