ადამიანს რომ უკრძალავ, უფრო აკეთებს. ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში- მეუფე ნიკოლოზი საგანგებო მდგომარეობაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, ტაძრებში ხალხის რაოდენობამ იმატა.

მისი თქმით, მრევლის წესრიგზე პასუხს ვერ აგებენ და ეს სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ.

,,აქ არის პრინციპი, ადამიანს რომ უკრძალავ უფრო აკეთებს. ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში ამ მოწოდებების შემდეგ. ამიტომ სინოდმა დაადგინა, რომ რადიოფიცირებული უნდა იყოს ტაძრები, ჩვენ გავხსნით ტაძრის კარს და ხალხი დადგება გარეთ. თუმცა, თუ ამას მრევლი არ შეასრულებს, წესრიგზე პასუხის ვერ ვაგებთ. სამართალდამცავებმა გააკეთონ თუ შეიძლება, ოღონდ უნდა ახსოვდეს ყველას რომ უკურეაქციაა – ხელს რომ კრავ, ის უკან მოდის, არ შეიძლება ასე უხეშად მოქცევა ადამიანებთან, არ შეიძლება ადამიანებს ვუთხრათ არ მოხვიდე. ისიც არ შეიძლება მით უმეტეს, რომ ეკლესიას უთხრა გაქრი! ნუ ხარ! ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ვერ გავიკეთებთ”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან, თუ ის მცნების დარღვევისკენ მოუწოდებთ.

,,ასეთი წესრიგი დღეს რომ იყო სამების ტაძარში მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გაიწია ხალხი და დადგა ამ დისტანციაზე. კიდევ უფრო გავასწორებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთბაშად, ერთ წამში ეს არ მოხდება. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს. დანარჩენ შემთხვევში აუცილებლად კანონს დავიცავთ და ვეცდებით, რომ არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს”,- განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად დღეს მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა მაინც ჩატარდა.