Aerosmith-მა ტურნე შეწყვიტა: სტივენ ტაილერმა ხმის იოგები დაიზიანა და სიმღერას ვეღარ შეძლებს

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Aerosmith-მა ტურნეს დასრულების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 76 წლის ჯგუფის ლიდერის სტივენ ტაილერის ხმა შეუქცევადად დაზიანდა.
სტივენ ტაილერმა სცენაზე ნახევარი საუკუნე გაატარა: მისი მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო. თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის სექტემბერში, მომღერალმა, რომელსაც გაზეთებმა მეტსახელად “კივილის დემონი” უწოდეს, ძლიერად დაიზიანა ვოკალური იოგები და მას შემდეგ ცდილობს გამოჯანმრთელებას.

„მან რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა, რათა ხმა დაებრუნებინა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო ტრავმამდე“, – ნათქვამია Aerosmith-ის განცხადებაში. ”ჩვენ დავინახეთ, რამდენად რთული იყო ეს მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას საუკეთესო ექიმები ეხმარებოდნენ.”

”სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ვოკალური ტრავმისგან სრული აღდგენა შეუძლებელია”, – წერენ მუსიკოსები და ადასტურებენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი გამოსამშვიდობებელი Peace Out ტურის დასრულებას, რომელიც Aerosmith-მა გასულ ზაფხულს დაიწყო.
ტური სამი კონცერტის გამართვის შემდეგ შეწყდა, რადგან ტაილერმა ხორხის დაზიანება მიიღო, სერიოზულად დაიზიანა ლიგატები და საჭიროებდა მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას.

მას შემდეგ ჯგუფის გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ მომღერლის ხმა აღდგებოდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამაოდ.

მსგავსი შემთხვევები ყოფილა შოუბიზნესში და ხშირად ჯგუფი, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზით ვოკალისტი დაკარგა, მის გარეშე განაგრძობდა არსებობას. მაგალითად, ბრიტანული ჯგუფი Queen, 1991 წელს ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ პერიოდულად ატარებს გასტროლებს ვოკალისტ ადამ ლამბერტთან ერთად.

თუმცა, Aerosmith-ის წევრებმა განმარტეს, რომ მათ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

“სტივენის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია, და ასეთი სხვა არ არსებობა”, – წერენ ისინი. და რადგან ჯგუფში ყველანი ერთმანეთის ძმებივით ვართ, მივიღეთ უმძიმესი, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება – ყველამ ერთად შევწყვიტოთ ტურნე“.

Queen-ის გიტარისტმა სერ ბრაიან მეიმ ინსტაგრამზე ჯგუფის სახელით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამ ამბავმა ცრემლები მოადგა.

“Aerosmith იყო ჩემი და მილიონობით სხვა როკ თაყვანისმცემლის ცხოვრების უდიდესი ნაწილი”, – წერს მეი. “სტივ ტაილერი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი და ფრონტმენი და აბსოლუტურად საშინელებაა, რომ მისი არაჩვეულებრივი ხმა ასე დაზიანდა.”
“მაგრამ Aerosmith-ის შემოქმედება სიცოცხლეს განაგრძობს და გვახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ჯგუფს, რომელიც ოდესმე გამოსულა სცენაზე.”