ამერიკულ სამშობიაროში 9 მედდა ერთდროულად დაფეხმძიმდა

აშშ–ში, მენის შტატის ქალაქ პორტლენდის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ერთდროულად 9 თანამშრომელი დეკრეტული შვებულებისთვის ემზადება. ხელმძღვანელობას რთული პერიოდი აქვს. ისინი გამალებით ეძებენ ცხრა მედდის შემცვლელებს, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად გადიან დეკრეტულ შვებულებაში. თუმცა სიტუაცია იმდენად არაორდინარული და სახალისოა, რომ ხელმძღვანელობა მას იუმორით და გაგებით ეკიდება. კლინიკის ვებგვერდზე ფოტოსესია გამოაქვეყნეს, რომელზეც ფეხმძიმე კოლეგები არიან გამოსახული.

ერთ ფოტოზე ცხრავე ფეხმძიმეა გადაღებული, მეორეზე მხოლოდ რვის გადაღება მოახერხეს. ყველა მედდა სამშობიარო განყოფილებაში მუშაობს. ყველა ბავშვი აპრილიდან–ივლისამდე პერიოდში დაიბადება. ზოგისთვის ეს მეორე მშობიარობაა, ზოგისთვის მესამე და მეოთხე. ზოგი კი დედა პირველად ხდება. თუმცა სამსახურის წყალობით ბავშვის მოვლაში კარგი გამოცდილება აქვთ და დედობისთვის მზად არიან.

პირველმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ თანამშრომლებს ერინ გრენიემ აცნობა. შემდეგ კი ინფორმაცია მისმა კოლეგებმა, რეიჩელ სტელმახმა, ბრიტნი ვერვილმა და ლონი სოუსმაც გაამხილეს. “მეოთხე თანამშრომელმაც რომ გვაცნობა ფეხმძიმობის შესახებ, უკვე დავფიქრდით, ჩვენთან ჰაერი რამე განსაკუთრებულ ნივთიერებას ხომ არ შეიცავს. დაიწყო ფეხმძიმობის ტრენდი“ –ხუმრობს გრენიე. ამის შემდეგ უკვე ამანდა სპირმა, სამანტა ჯილიომ, ნიკოლ გოლდბერგმა, ნიკოლ ბარნსმა და ჰოლი სელბიმაც განაცხადეს, რომ ფეხმძიმედ იყვნენ.

“როცა რომელიმე თანამშრომლები ამბობს – “ფეხმძიმედ ვარ“– უკვე სიცილით ვკვდებით“ – ამბობენ კლინიკის თანამშრომლები.მომავალი დედები ამბობენ, რომ თანამშრომლების მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ქალები მოუთმენლად ელიან მორიგ ფოტოსესიას, ოღონდ უკვე თავისი პატარებით ხელში.