ანგარიშზე უკვე შევიტანე 50 000 ლარი -ლევან ვასაძე სახელმწიფოს კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას სთავაზობს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს დახმარებას სთავაზობს. მან დაავადებულთა დასახმარებლად 50 ათას ლარი უკვე გადარიცხა, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარ შენობებს სთავაზობს. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ერთი ლარი იქნება თუ ასი ლარი, რამდენიც გნებავთ, არ აქვს თანხას მნიშვნელობა, მთავარია გვერდში დგომის სურვილი. მე ამ ანგარიშზე უკვე შევიტანე თანხა, რამდენიც ამ ეტაპზე შემეძლო, კერძოდ 50 000 ლარი. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს ნაცნობ და უცნობ ბიზნესმენს და მოქალაქეებსაც, რომ დავუდგეთ ავადმყოფებს გვერდში. ვიცი, რომ რთული დროა და ყველას უჭირს, მაგრამ ვინც ავადაა, იმათ უფრო უჭირთ. ჩვენი პატარა და ღარიბი სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება და ასეთ დროს მას გვერდში უნდა დავუდგეთ. გარდა ამისა, მინდა შევთავაზო ბატონ ამირან გამყრელიძეს, თუ მას ეს დასჭირდება, ისარგებლონ ჩვენს საკუთრებაში არსებული შენობების ცარიელი ნაწილით პაციენტთა ჯგუფების იზოლირებისათვის, მათი კარანტინის მიზნით. ჩვენ ორი შენობა გვაქვს ერთი თბილისში და ერთი კიკეთში და საჭიროების შემთხვევაში, ვფიქრობ ისინი თითო მინიმუმ 100-100 ადამიანს დაიტევს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ გათბობას, წყლით და ელექტრო ენერგიით მომარაგებას და ასევე ხსენებულ ანგარიშზე მოგროვილი თანხიდან კარანტინში მოთავსებული ადამიანების სამჯერად კვებას. თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას საჭიროდ მიიჩნევს, ბატონ ამირან გამყრელიძეს ვთხოვ, საჭიროების შემთხვევაში გამოგვეხმაუროს“, – ამბობს ლევან ვასაძე.

ვასაძე აცხადებს, რომ მითითებულ ანგარიშზე თანხების განკარგვას პირად კონტროლზე აიყვანს და ის სრულიად დაექვემდებარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ასევე, გამოქვეყნდება ანგარიში თანხის დახარჯვის შესახებ.

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011

მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „შემოწირულობა“