არქეოლოგების შემზარავი აღმოჩენა – 137 ბავშვი მსხვერპლშეწირვის რიტუალს ემსხვერპლა

პერუში არქეოლოგებმა ბავშვების უზარმაზარი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც მასობრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მეთხუთმეტე საუკუნეში დახოცეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ღმერთებს მაშტაბური და ხანგრძლივი წყალდიდობის შემდეგ შეწირეს.
ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც აქამდე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. რიტუალის დროს მინიმუმ 137 ბავშვი მკერდში უცნაური, სარიტუალო დანის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი გული ამოაცალეს. არქეოლოგებმა დანა იქვე სიახლოვეს იპოვნეს. ბავშვების ასაკი 5–დან 14 წლამდე იყო. მათ გარდა რიტუალს სამი ზრდასრული და 200 ლამა შეწირეს. ლამებიც იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც ბავშვები. სამი უფროსი კი ––ერთი მამაკაცი და ორი ქალი, სხვა მეთოდით გამოასალმეს სიცოცხლეს: მათ თავისქალა აქვთ ჩამსხვრეული. არსებობს ვერსია, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალი ამ სამმა ზრდასრულმა ადამიანმა ჩაატარა, რიტუალის შემდეგ კი ისინიც მოკლეს.
ცხედრების ნარჩენების ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვები სპეციალურად იყვნენ შერჩეული. მათ შორის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ ყოფილან. ბევრი მათგანი სასაკლაოზე ოკეანის სანაპიროზე 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყნის შორეული რეგიონებიდან მოიყვანეს. არქეოლოგებმა კვლევის საბოლოო შედეგები ჟურნალ PLOS One –ში გამოაქვეყნეს.
ეს არ არის  პერუში ბავშვების ჯგუფური სამარხის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. 2011 წელს ოკეანის სანაპიროდან 350 მეტრში ადამიანების დიდი სამარხი იპოვნეს, რომელთაგან 47 ბავშვი იყო. თუმცა ბოლო აღმოჩენა ბევრად უფრო მაშტაბური და შემზარავია.
მსხვერპლი მკაცრად განსაზღვრული წესით იყო დამარხული: ბავშვები ზურგზე ან გვერდზე დაწოლილი, სახით ჩრდილო–დასავლეთისკენ, ანუ ზღვისკენ. ლამები კი საპირისპირო მიმართულებით, თავით მთებისკენ. ზოგიერთ მსხვერპლს რიტუალისთვის აშკარად სპეციალურად ამზადებდნენ. მათ სახეები წითელი საღებავით ქონდათ შეღებილი. შედარებით უფროს ბავშვებს კი თავზე ნაჭერი ჰქონდათ ჩამოცმული. ლამები აკურატულად იყო დაწვენილი ბავშვების სხეულების გვერდით, ან მათზე ზევიდან.
ადამიანების მსხვერპლშეწირვა ბევრ უძველეს კულტურაში გვხვდება. ცნობილია, რომ ესპანელების ექსპანსიამდე, მეთერთმეტე – მეთხუთმეტე საუკუნეებში პერუს ტერიტორიაზე ადამიანებს ხშირად კლავდნენ, რათა გარდაცვლილი მმართველისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ ან მონუმენტური არქიტექტურული ნაგებობის საძირკველში ჩაემარხათ, როგორც ღმერთებისთვის შეწირული საჩუქარი.