შვედეთი და ლუქსემბურგი იმ ქვეყნების მზარდ სიას შეუერთდნენ, რომლებმაც Covid-19–ის საწინააღმდეგ AstraZeneca–ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.
შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა ამ პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩეროს, სანამ ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინის გვერდით ეფექტებს არ შეისწავლის.
დღესვე ლუქსემბურგმაც გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს AstraZeneca–ს ვაქცინით აცრას და ეს სიფრთხილის ზომაა, რომელიც სისხლის თრომბოზთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღეს, რაც ამ პრეპარატით ვაქცინირებულ ადამიანებში გამოვლინდა.
ვაქცინაცია ლუქსემბურგშიც იმ დრომდე იქნება შეჩერებული, სანამ ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტი მოკვლევას არ დაამთავრებს.
ევროპის წამლის სააგენტო კვლავ აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca –ს ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს ბევრად აღემატება და იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზული მოვლენები უვითარდებათ, არ აღემატება მთლიანად მოსახლეობაში ამ პრობლემის მქონე ადამიანთა რაოდენობას.
ამის მიუხედავად იზრდება ევროპული ქვეყნების რაოდენობა, AstraZeneca –ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. ამჟამად ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
დანია, ნორვეგია, ისლანდია, ბულგარეთი, ირლანდია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, ლუქსემბურგი.