საფრანგეთი, გერმანია იტალია… კიდევ ვინ შეწყვიტა AstraZeneca–ს გამოყენება. ევროპის წამლის სააგენტო კვლავ ამტკიცებს, რომ ის უსაფრთხოა

ევროპის წამლის სააგენტო დღეს კვლავ აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca –ს ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს ბევრად აღემატება და იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ თრომბი უვითარდებათ, არ აღემატება მთლიანად მოსახლეობაში ამ პრობლემის მქონე ადამიანთა რაოდენობას.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ დღეს ამ ვაქცინის გამოყენების დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადეს.

სააგენტომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს საგანგებო სხდომას გამართავს იმის დასადგენად, რა შემდგომი ქმედებები შეიძლება გახდეს საჭირო.

ევროპის წამლის სააგენტომ ჯერ კიდევ გასული კვირის ხუთშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო,  რომ AstraZeneca–ს ვაქცინის სარგებლიანობა შესაძლო რისკებს ბევრად აღემატება და მისი გამოყენების შეჩერება არ არის რეკომენდირებული.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დანიამ ამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს სისხლის შედედება გამოუვლინდათ, თუმცა ამის მიუხედავად სააგენტო აცხადებდა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია და ეს გართულებები ვაქცინის გვერდით ეფექტებში მითითებული არ არის.

სააგენტოს პოზიციის მიუხედავად გასულ კვირას  AstraZeneca–ს გამოყენება დანიის შემდეგ ნორვეგიამ, ისლანდიამ, ბულგარეთმა, და ტაილანდმა შეაჩერეს.

კვირას  ამ ქვეყნების რიცხვს ჰოლანდია შეემატა, რომელმაც სიფრთხილის ზომის სახით შემდგომი გამოძიების დასრულებამდე ვაქცინის გამოყენება ორი კვირით შეაჩერა.

კვირასვე AstraZeneca–ს გამოყენება შეაჩერა ირლანდიამ, რათა “შეინარჩუნოს ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ“.

დღეს კი ამ პრეპარატით აცრა შეაჩერეს იტალიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ. ეს ქვეყნები ევროპის წამლის სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლას ელოდებიან.

AstraZeneca–თი ვაქცინაციას განაგრძობს ბრიტანეთი და ამტკიცებს, რომ ის უსაფრთხოა და არანაირი კავშირი თრომბებსა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს.

დიდ ბრიტანეთში AstraZeneca–ს 11 მილიონი დოზა გაკეთდა და ჯანდაცვის ადგილობრივი ხელმძღვანელების თმით, არ ყოფილა არანაირი განსხვავება თრომბების ჩამოყალიბების შემთხვევების რაოდენობაში სხვა ჯგუფებთან შედარებით.

ასტრა ზენეკას გამოყენებას განაგრძობს კანადაც.