AstraZeneca–ს ვაქცინის გამოყენება ბულგარეთმაც შეაჩერა. რას ამბობს მწარმოებელი და რომელი ქვეყნები განაგრძობენ ვაქცინაციას

რამდენიმე ქვეყნის შემდეგ დღეს უკვე ბულგარეთმა მიიღო გადაწყვეტილება კორონვირუსის საწინააღმდეო AstraZeneca–ს ვაქცინით აცრის შეჩერების შესახებ და მისი უსაფრთხოების შესახებ გამოძიებას ელოდება.

“ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ბრძანება გასცა ამ ვაქცინით აცრის შეჩერების შესახებ მანამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტო არ გაფანტავს ყველა ეჭვს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. “– ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ევროპის წამლის სააგენტომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ AstraZeneca–ს ვაქცინის სარგებლიანობა შესაძლო რისკებს ბევრად აღემატება და მისი გამოყენების შეჩერება არ არის რეკომენდირებული. სააგენტოს ინფორმაციით მათთვის ცნობილია, რომ დანიამ ამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს სისხლის შედედება გამოუვლინდათ, თუმცა ამის მიუხედავად სააგენტო აცხადებს, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია და ეს გართულებები ვაქცინის გვერდით ეფექტებში მითითებული არ არის.

“ვაქცინის სარგებლიანობა კვლავ აღემატება მის პოტენციურ რისკებს და მისი გამოყენება კვლავ შესაძლებელია, სანამ გრძელდება თრომბოემბოლიური შემთხვევების გამოძიება“– დასძინა სააგენტომ.

დანიის გარდა, იგივე მიზეზით  AstraZeneca–ს გამოყენება შეაჩერეს ნორვეგიამ და ისლანდიამ.

მიზეზი კვირას, ვაქცინის კონკრეტული პარტიის დოზის მიღების შემდეგ ავსტრიაში 49 წლის ქალის თრომბით გარდაცვალება გახდა. თუმცა ჯერჯერობით არ არის დადგენილი კავშირი მის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის.

თავად მწარმოებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ვაქცინაციის შედეგად ტრომბების განვითარების რისკის დასადასტურებლად.

ფარმაცევტული გიგანტი იძულებული გახდა საკუთარი პრეპარატი დაეცვა მას შემდეგ, რაც ჩრდიოეთ ევროპის ქვეყნების შემდეგ მისი პრეპარატით ვაქცინაცია უკვე ტაილანდმაც შეაჩერა,  სანამ მკვლევარები პრეპარატის ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს და რეაქციას არ შეისწავლიან და “მოსახლეობის უსაფრთხოებაში დარწმუნებულნი არ იქნებიან.“

კომპანიის განცხადებით მისმა ანალიზმა არა მხოლოდ თრომბის ჩამოყალიბების  მომეტებული რისკის მტკიცებულებების არარსებობა დაადსტურა, არამედ აჩვენა, რომ ვაქცინის მიმღებთა შორის პროცენტულად ბევრად ნაკლებ ადამიანს განუვითარდა თრომბი, ვიდრე მთლიან მოსახლეობაში.

“ უსაფრთხოების შესახებ ჩვენი მონაცემების ანალიზმა, რომელიც 10 მილიონზე მეტი ჩანაწერისგან შედგება, არ გვიჩვენა არანაირი მტკიცებულებები, რომ ვაქცინაციის შედეგად ფილტვების არტერიის თრომბოემბოლიის ან ღრმა ვენების თრომბოზის რისკი მომეტებულია ნებისმიერ ასაკობრივ ან გენდერულ ჯგუფში ან რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც    AstraZeneca–ს ვაქცი ნით აცრა განხორციელდა. ფაქტიურად, ასეთი დაავადებების განვითარების რაოდენობა ბევრად დაბალია ვაქცინირებულთა შორის, ვიდრე ზოგადად, მთელ მოსახლეობაში. “– ნათქვამია განცხადებაში.

AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მთლიანად დაუჭერს მხარს ნებისმიერ გამოძიებას.

გერმანია კი Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინით ვაქცინაციას განაგრძობს, სანამ ევროკავშირის წამლის სააგენტო იძიებს, შეიძლება თუ არა ეს ვაქცინა თრომბის განვითარების შესახებ ინფორმაციასთან იყოს დაკავშირებული.

“ჩვენ ვგეგმავთ განვაგრძოთ  AstraZeneca–თი ვაქცინაცია ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად  “– განაცხადა გუშინ გვიან საღამოს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს სპანმა.

ამ პრეპარატით ვაქცინაციას განაგრძობენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები.

ხუთშაბათს კანადამ განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინა უსაფრთხოა. “კანადის ჯანდაცვისთვის ცნობილია ანგარიშის შესახებ ევროპაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის თანხმლებ გვერდით მოვლენებზე და გვინდა დავარწმუნოთ კანადელები, რომ ვაქცინის დადებითი შედეგები კვლავაც გადასწონის მის რისკებს… ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ ეს მოვლენები ვაქცინამ გამოიწვია” – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.