გერმანიაში ბოლო 48 საათში უკვე მესამე ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირდა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის — DWD-ის ცნობით, 28 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ნაიზემიუნდეს თემში, ტემპერატურამ 41.7°C-ს მიაღწია.
ერთი დღით ადრე, საქსონია-ანჰალტში, დრევიცის დასახლებაში, მეტეოსადგურმა 41.5°C აჩვენა. 26 ივნისს კი, 17:00 საათზე, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, საარის მიწაზე, ჰაერის ტემპერატურამ 41.3°C-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელი დაფიქსირების მომენტისთვის რეკორდული იყო.
28 ივნისს გერმანიაში ასევე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მინიმალური ღამის ტემპერატურა დაკვირვებების დაწყების შემდეგ. საქსონიის თემ კუბშიუცში ღამით ტემპერატურა 29.4°C-ს არ ჩამოსცდა. წინა რეკორდი — 27.2°C — 2003 წლის აგვისტოში, რაინლანდ-პფალცში იყო დაფიქსირებული.
DWD-ში აღნიშნავენ, რომ მონაცემები წინასწარია და გაზომვების ხარისხის კონტროლი ჯერ არ ჩატარებულა. ოფიციალური დადასტურება 29 ივნისზე ადრე არ გამოქვეყნდება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ორშაბათიდან ძლიერი სიცხე ჭექა-ქუხილის გამო ნელ-ნელა შესუსტდება, თუმცა კვირის დარჩენილ საათებში ახალი ტემპერატურული პიკების დაფიქსირებასაც არ გამორიცხავენ.














