BBC:ათასობით დაღუპული „მეტყევის ქოხისთვის“: რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინის პატარა სოფლებისთვის ბრძოლებში

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ სტატიას უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ იმ უკრაინული მცირე დასახლებების ასაღებად. მედიამ სხვადასხვა მონაცემების ანალიზით დაადგინა, რომ რუსები ხშირად პატარა უკრაინული სოფლების ასაღებად ათასობით ჯარისკაცს კარგავს. გთავაზობთ BBC-ს მასალას: 

რუსეთის არმია თვეების განმავლობაში უტევს უკრაინულ სოფლებს, სადაც ომამდე რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა, და ამ ბრძოლებში ათასობით ჯარისკაცს კარგავს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის (როსსტატის) მონაცემების გაჟონვამ BBC-ის რუსულ სამსახურს საშუალება მისცა, დაეთვალა, რა უჯდება რუსეთს ასეთი იერიშები.

„სადაც ჩვენმა რუსმა ჯარისკაცმა ფეხი დადგა, ის ჩვენია“, — თქვა 11 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილეს თუ არა აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიების გაცვლა.

ხუთი დღის შემდეგ რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა ანატოლი რადოვმა თავის ტელეგრამ-არხზე აღიარა, რომ უკრაინის სუმის ოლქის სოფელ იუნაკოვკას მთლიანად უკრაინის არმია აკონტროლებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ სოფლის აღების შესახებ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა. „რადგან იუნაკოვკა ჩვენად ითვლება, მებრძოლები არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერის გარეშე მოქმედებენ“, — დაწერა მან.

მასშტაბური ომის დაწყებამდე იუნაკოვკაში 1 741 ადამიანი ცხოვრობდა; ბრძოლების დაწყების შემდეგ იქ ოთხი ადამიანი დარჩა. როსსტატმა სოფელში რუსი კაცების 1 099 გარდაცვალება აღრიცხა. მათ შორის იყო ყაზანელი 29 წლის ვლადისლავ ფისენკო. მის გარდაცვალების მოწმობაში წერია: „ტრავმული ჰემოთორაქსი. გულმკერდის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს ტრავმა“.

იუნაკოვკა იმ ათი სოფლიდან ერთ-ერთია, რომლებიც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაჟონილი მონაცემებით შეისწავლა. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში, ბახმუტზე „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლების „გააფთრებული იერიშის“ შესახებ ცნობაზე, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა: „„მეტყევის ქოხისთვის ბრძოლა“ გრძელდება“.

ჩვენს სიაში შემავალ ათ სოფელსა და დაბაში ომამდე დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. როსსტატმა იქ რუსი კაცების 20 ათასზე მეტი გარდაცვალება აღრიცხა.

ანდრიივკა, რომელიც ბახმუტთან ახლოს მდებარეობს, ერთ სულ მოსახლეზე დათვლით ყველაზე ძვირად დაუჯდა რუსეთს: სოფელში ომამდე 74 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვალება კი 1 122 დაფიქსირდა — თითოეულ მცხოვრებზე 15-ზე მეტი. აბსოლუტური რაოდენობით ყველაზე მეტი — 4 071 გარდაცვალება — მეზობელ კლიშჩიივკაში აღირიცხა. ათი სოფლიდან შვიდში გარდაცვლილთა რაოდენობამ ომამდელ მოსახლეობას გადააჭარბა.

ამ შემთხვევათა დიდი ნაწილი მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი სოფლები უკვე აღებულად გამოაცხადა.

გარდაცვალების შესახებ მონაცემები ჟურნალისტებს 2026 წლის ნოემბერში ჩაუვარდათ ხელში, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა და უკრაინელმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ როსსტატი გატეხეს. მათ რამდენიმე რედაქციას, მათ შორის BBC-ის რუსულ სამსახურს, 2021 წლიდან 2026 წლის სექტემბრამდე გარდაცვალების შესახებ სამოქალაქო რეესტრის 11 მილიონზე მეტი ჩანაწერი გადასცეს. როსსტატმა დაადასტურა კიბერშეტევა, თუმცა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვა არ დაუფიქსირებია. მონაცემების ოფიციალურ სტატისტიკასა და სამემკვიდრეო საქმეების რეესტრთან შედარების შემდეგ, რედაქციები მათ ავთენტურად მიიჩნევენ.

გავითვალისწინეთ მხოლოდ ის ჩანაწერები, რომლებშიც დასახლების სახელი და მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის სახელი ზუსტად ემთხვეოდა. ამიტომ ტექსტში მოყვანილი გარდაცვალების ყველა მაჩვენებელი მინიმალური შეფასებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ დანაკარგებზე მონაცემებს არ აქვეყნებს.

ანდრიივკა და კლიშჩიივკა: ბახმუტთან 5 ათასზე მეტი დაღუპული

ანდრიივკა ბახმუტის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელია. ომამდე იქ 74 ადამიანი ცხოვრობდა. 2023 წლის ზაფხულში, უკრაინის კონტრშეტევისას, სოფლისთვის იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა. მან რუსეთის 72-ე ბრიგადას მძიმე დანაკარგები მიაყენა და სექტემბერში სოფელი გაათავისუფლა.

უკრაინელმა დოკუმენტალისტმა მტისლავ ჩერნოვმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა, რომელმაც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე ფილმისთვის „ოსკარი“ მიიღო, ამ ბრძოლებზე გადაიღო ფილმი „2 000 მეტრი ანდრიივკამდე“. 2024 წლის 23 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელი ხელახლა აიღო. როსსტატმა ანდრიივკაში 1 122 გარდაცვალება აღრიცხა: 301 — 2023 წელს, 417 — 2024 წელს და კიდევ 387 — 2025 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ.

მეზობელი კლიშჩიივკა შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ბახმუტი ხელისგულივით ჩანს, წერდა უკრაინული გამოცემა „სუსპილნე“. უკრაინის ჯარებმა სოფელი 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ ის ხელახლა აიღო. უკრაინული პროექტის DeepState-ის რუკის მიხედვით, ამჟამად ორივე სოფელს რუსეთის არმია აკონტროლებს, ფრონტის ხაზი კი მათგან დასავლეთით 10 კილომეტრზე მეტად არის გადაწეული.

როსსტატმა კლიშჩიივკაში 4 071 გარდაცვალება აღრიცხა — ჩვენს სიაში შემავალ სოფლებში ყველაზე მეტი. ეს ომამდელი 512 მცხოვრებიდან თითოეულზე თითქმის რვა გარდაცვალებას ნიშნავს. ყველაზე მეტი შემთხვევა — 1 676 — 2024 წელს დაფიქსირდა, კიდევ 1 165 კი 2025 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სოფლის აღება უკვე დიდი ხნის გამოცხადებული ჰქონდა.

ტერნი: 3 397 გარდაცვალება ლიმანის მახლობლად

ტერნი დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში, ლიმანიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე სოფელია. 2001 წლის აღწერით, იქ 764 ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წლისთვის, როცა სოფლისთვის მძიმე ბრძოლები დაიწყო, იქ მხოლოდ 16 ადამიანი დარჩა, იტყობინებოდა „სუსპილნე“. რუსეთის ჯარები ტერნის მთელი 2024 წლის განმავლობაში უტევდნენ, ხოლო 2025 წლის იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

როსსტატმა ტერნიში 3 397 გარდაცვალება აღრიცხა — ომამდელ მოსახლეობაზე თითქმის ოთხნახევარჯერ მეტი. მათგან 2 372 შემთხვევა 2024 წელს, 897 კი 2025 წელს დაფიქსირდა. სოფელს ამჟამად რუსეთის არმია აკონტროლებს, თუმცა ფრონტის ხაზი მისგან სულ რამდენიმე კილომეტრში გადის.

რობოტინე და ვერბოვე: 2023 წლის სამხრეთი ფრონტი

ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინეში, 2001 წლის აღწერით, 480 ადამიანი ცხოვრობდა. ეს ერთ-ერთი სოფელია, რომლის გათავისუფლებაც უკრაინის არმიამ 2023 წლის კონტრშეტევისას შეძლო.

2024 წლის თებერვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი მოიერიშე დანაყოფები სოფელში შევიდნენ; მაისში კი თქვა, რომ ის მთლიანად აიღეს. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა მაშინ განაცხადა, რომ ეს „სიმართლეს არ შეესაბამებოდა“. 2025 წლისთვის სოფელი განადგურებული იყო და იქ მოსახლეობა აღარ ცხოვრობდა. ამჟამად რობოტინეს რუსეთის არმია აკონტროლებს, ბრძოლები კი ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში — მალა ტოკმაჩკასა და თავად ორიხივთან  მიმდინარეობს.

როსსტატმა რობოტინეში 1 650 გარდაცვალება აღრიცხა — ომამდელ მოსახლეობაზე თითქმის სამნახევარჯერ მეტი.

მეზობელი ვერბოვე რობოტინეს აღმოსავლეთით მდებარეობს. 2023 წლის სექტემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორივე სოფელთან უკრაინულ შეტევებს იგერიებდა. 2001 წლის აღწერით, ვერბოვეში 1 246 ადამიანი ცხოვრობდა. როსსტატმა იქ 1 820 გარდაცვალება აღრიცხა: 843 — 2023 წელს და 771 — 2024 წელს. ამჟამად ვერბოვეს, ისევე როგორც რობოტინეს, რუსეთის არმია აკონტროლებს.

ბილოჰორივკა: ოთხჯერ გამოცხადებული „აღება“

ბილოჰორივკა ლისიჩანსკთან, ჩრდილოეთ დონეცის ნაპირას მდებარე დაბაა. 2022 წლის მაისში იქ ომის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა გაიმართა რუსეთის არმიისთვის: 74-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროებმა მდინარის გადალახვა ოთხჯერ სცადეს, რათა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში უკრაინული ძალები ალყაში მოექციათ. 11 მაისს უკრაინულმა არტილერიამ პონტონური ხიდები გაანადგურა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, 485 რუსი სამხედრო დაიღუპა და 80-ზე მეტი ერთეული ტექნიკა დაზიანდა.

2022 წლის ივლისში, ლისიჩანსკის აღების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბილოჰორივკა ოკუპირებული დასახლებების სიაში შეიყვანა, თუმცა სექტემბერში უკრაინის არმიამ დაბა დაიბრუნა. ამის შემდეგ რუსეთის მხარემ მისი აღება სულ მცირე კიდევ სამჯერ გამოაცხადა; ბოლოს — 2025 წლის თებერვალში. ამჟამად ბილოჰორივკას რუსეთის არმია აკონტროლებს, ფრონტის ხაზი კი მისგან 20 კილომეტრზე მეტადაა გადაწეული.

2013 წლის იანვარში ბილოჰორივკაში 945 ადამიანი ცხოვრობდა. როსსტატმა იქ 2 525 გარდაცვალება აღრიცხა — ერთ მცხოვრებზე ორნახევარზე მეტი. ამ მონაცემებში 2022 წლის ჩანაწერები არ არის: ანექსირებულ რეგიონებში გარდაცვალების აღრიცხვა მაშინვე არ დაუწყიათ, ამიტომ მდინარის გადალახვისას დაღუპულები, სავარაუდოდ, ამ რიცხვში არ მოხვდნენ. გარდაცვალებათა 40 პროცენტზე მეტი — 1 127 შემთხვევა — 2025 წელს დაფიქსირდა, როცა რუსეთის მხარე დაბის აღების შესახებ უკვე დიდი ხნის წინ იუწყებოდა.

კრინკი: პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე

2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში უკრაინელი საზღვაო ქვეითები დნეპრზე გადავიდნენ და ხერსონის მოპირდაპირე, მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკიში გამაგრდნენ. პლაცდარმი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში წინსვლის საწყისი უნდა გამხდარიყო. 2024 წლის ივლისში „ტავრიის“ დაჯგუფების სპიკერმა დმიტრი ლიხოვოიმ აღიარა, რომ სოფელში პოზიციები დანგრეული იყო და იქ თავდაცვის შენარჩუნება „ფაქტობრივად შეუძლებელი“ გახდე. ამჟამად კრინკის რუსეთის არმია აკონტროლებს, ფრონტის ხაზი კი კვლავ დნეპრზე გადის.

ომამდე სოფელში 991 ადამიანი ცხოვრობდა. როსსტატმა იქ რუსი კაცების 2 253 გარდაცვალება აღრიცხა — ერთ მცხოვრებზე ორზე მეტი: 689 შემთხვევა 2023 წელს და 1 413 — 2024 წელს.

დაღუპულთა შორის იყო არხანგელსკის ოლქის ქალაქ ონეგიდან 44 წლის მედესანტე დმიტრი ნეგოდიაევი. ის კრინკიში 2024 წლის 10 ივნისს დაიღუპა. მის გარდაცვალების მოწმობაში წერია: „მწვავე მასიური სისხლდენა“. 21 აგვისტოს მას ონეგის მართალი ლაზარეს ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადეს.

ოლშანა: პოზიციური ბრძოლები კუპიანსკთან

ოლშანა ხარკივის ოლქში, კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მისადგომებთან მდებარე სოფელია. აქ პოზიციურ ბრძოლებზე BBC-ს 41-ე მოტომსროლელი პოლკის სერჟანტი პიოტრ დავიდოვი ესაუბრა. მან კონტრაქტს ხელი 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა და მალე ოლშანაში აღმოჩნდა. 2025 წლის სექტემბერში ფრონტიდან გაიქცა, ლატვიის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

დავიდოვის თქმით, იმ დროისთვის სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობიდან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი. ის ზურგში პროდუქტების მოსატანად დადიოდა და სამხედროებზე მცირე ფასნამატით ყიდდა. „ფრონტი ჩვენამდეც იქ, ოლშანასთან, ტყის მესამე ზოლის მახლობლად იყო და ახლაც იქ არის“, — ამბობდა სერჟანტი. ამჟამად სოფელს რუსეთის არმია აკონტროლებს, ფრონტის ხაზი კი მისგან რამდენიმე კილომეტრში გადის.

ომამდე ოლშანაში დაახლოებით 1 500 ადამიანი ცხოვრობდა. როსსტატმა იქ 790 გარდაცვალება აღრიცხა — დაახლოებით ერთი შემთხვევა ყოველ ორ მცხოვრებზე. ყველაზე მეტი — 426 — 2024 წელს დაფიქსირდა. სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებში სოფლის სახელი ხშირად მრავლობით რიცხვში, „ოლშანებად“, არის მითითებული; მას ასე რუსი სამხედროებიც მოიხსენიებდნენ. ხარკივთან კიდევ ერთი დაბა, ოლშანი, არსებობს, თუმცა იქ ბრძოლები არ ყოფილა. ამიტომ, სავარაუდოდ, ყველა ეს გარდაცვალება ოლშანას სოფელს უკავშირდება.

ოჩერეტინე: გარღვევა პოკროვსკისკენ

მას შემდეგ, რაც 2024 წლის თებერვალში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდიივკა დატოვეს, თავდაცვის ახალი ხაზის ერთ-ერთ საყრდენ პუნქტად დაბა ოჩერეტინე იქცა. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქ დაახლოებით 3 500 ადამიანი ცხოვრობდა; იმ დროისთვის კი მხოლოდ 200-მდე იყო დარჩენილი. აპრილის ბოლოს რუსულმა ჯარებმა ოჩერეტინესთან თავდაცვა გაარღვიეს. „როგორ გაუხსნა ფრონტის ხაზში ერთმა ნაპრალმა გზა რუსებს“ — ასე აღწერა ეს მოვლენები New York Times-მა. აქედან დაიწყო რუსეთის არმიის შეტევა პოკროვსკისკენ. ამჟამად ოჩერეტინე რუსეთის ღრმა ზურგშია: ფრონტის ხაზი მას 20 კილომეტრზე მეტად გასცდა.

როსსტატმა ოჩერეტინეში 1 790 გარდაცვალება აღრიცხა — ომამდელ მოსახლეობაზე დაახლოებით ორჯერ მეტი. მათგან 1 496 შემთხვევა 2024 წელს დაფიქსირდა. იერიშისას დაღუპულთა შორის იყო კურგანის ოლქის სოფელ ადულტაევოდან 53 წლის უმცროსი სერჟანტი ურალ მუხამეტოვი. მის გარდაცვალების მოწმობაში წერია: „ქვედა კიდურების რამდენიმე უბნის დაჭყლეტა. გარეგანი მიზეზი: სამხედრო მოქმედებები, რომლებმაც სხვა სახის აფეთქებებით ან ნამსხვრევებით დაზიანება გამოიწვია“.

როგორ დავითვალეთ

როსტატის მონაცემები ჟურნალისტებს ბელარუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „Киберпартизаны BY“ და უკრაინულმა ჯგუფმა Silent Crow გადასცეს. 2025 წლის ივლისში მათ „აეროფლოტზე“ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს; თითქმის ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის სასამართლომ ისინი „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა.

მონაცემებში 2021 წლიდან 2026 წლის სექტემბრამდე გარდაცვალების 11 მილიონზე მეტი სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერია. ჩვენ შევარჩიეთ 18–65 წლის კაცების გარდაცვალების ის ჩანაწერები, რომლებშიც გარდაცვალების ადგილი ზუსტად ემთხვეოდა დასახლებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სახელებს. უკრაინულ სოფლებს ხშირად ერთი და იგივე სახელები აქვთ; მუნიციპალიტეტის მითითების გარეშე დათვლაში სხვა რაიონების, იმავე სახელწოდების სოფლების გარდაცვალებებიც მოხვდებოდა.

გამონაკლისია ოჩერეტინე: დაბა ერთი რაიონიდან მეორეში გადავიდა და სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებში სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება, ამიტომ მისთვის სამივე მუნიციპალიტეტის ჩანაწერი გავითვალისწინეთ. ასეთი სიზუსტის სანაცვლოდ მონაცემები არასრულია: დათვლაში არ მოხვდა ჩანაწერები, რომლებშიც სახელები შეცდომით ან სხვაგვარად ეწერა, ან კონკრეტული სოფელი მითითებული არ იყო. ამიტომ ტექსტში მოცემული ყველა რიცხვი მინიმალური შეფასებაა.

ათი სოფლიდან ცხრაში შერჩეული ჩანაწერების 89–99 პროცენტი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის Y36 კოდს შეიცავს — „სამხედრო ოპერაციები“. რობოტინესთვის უფრო ფართო სამხედრო ნიშნები გავითვალისწინეთ, მათ შორის დასაქმებისა და გარდაცვალების ხასიათის ველები: ჩანაწერების 98 პროცენტში ამ ნიშნებიდან სულ მცირე ერთი გვხვდება.

დასახლებების მოსახლეობის რაოდენობა უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის არქივებიდან ან ადგილობრივი ადმინისტრაციების უფრო გვიანდელი განცხადებებიდან ავიღეთ.

პოპულარული

Reuters: დრონების თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 45%-ით შეამცირა

ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის...

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლელი სამხედროები უკრაინაში ახლავე უნდა განთავსდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა,...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს,...

GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს – კალაძე

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP  წყალსადენის დაზიანების...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან...

ყველა ამბავი

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლელი სამხედროები უკრაინაში ახლავე უნდა განთავსდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა და „მსურველთა კოალიციის“ პარტნიორებმა თავიანთი შეიარაღებული ძალები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების...

კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას ითხოვს

ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას...

1 იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან იხურება. ამის შესახებ დადგენილებას...

“ახლა ამ “დუბინკით” გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო” – ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ."დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა...

მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და ისეთი გაზქურა, ცეცხლი თუ არ უკიდია, გაზს კეტავს – ფონიჭალაში დაშავებულის მამა

" მე მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა, მქონდა გაზქურა. ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა მის ჩართვას, გაზქურის...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის...

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა.  კაცი დაპირისპირების დროს დაცემის შედეგად დაიღუპა.შსს-ს განცხადებით, დაპირისპირებაში...

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე – კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე თბილისში დაეშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს. ქვეყნიდან გააძევეს პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის,...

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.გიგაურს სასჯელის ვადა...