აუცილებელი საკითხავი წინასაახალწლოდ: როგორ შევარჩიოთ საჩუქრები სწორად

კვლევები აჩვენებს, რომ არასწორად შერჩეულმა საჩუქარმა შესაძლოა ადამიანთან ურთიერთობებს ავნოს. როგორ მოვახერხოთ რომ არ შევცდეთ და ზუსტად შევარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ადრესატს მოეწონება.

მოვიდა დრო, ჩამოწეროთ, ან განაახლოთ იმ ადამიანების სია, რომლებსაც საახალწლოდ საჩუქარი უნდა უყიდოთ. უნდა გადაწყვიტოთ, ვის რას აჩუქებთ და რამდენს დახარჯავთ ამ საჩუქარში.

დიდ ბრიტანეთში საშუალო ოჯახი საშობაო საჩუქრებზე დაახლოებით 500 ფუნტს ხარჯავს. ზუსტად ამდენივეს ხარჯავს ამერიკული ოჯახი – დაახლოებით 650 დოლარს.

მართალია საჩუქრის ჩუქების პროცესი ხშირად სიამოვნებას გვანიჭებს, ყოველთვის ვერ ვახერხებთ ამ საჩუქრით ადამიანის მიმართ ჩვენი თბილი გრძნობები გამოვხატოთ ან სულაც ურთიერთობები გავამყაროთ. ეს ადვილი არ არის. არასწორად შერჩეულ საჩუქარმა შესაძლოა უკუეფექტიც კი მოგვცეს.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ელიზაბეტ დანის კვლევის თანახმად არასწორი საჩუქრის გადაცემისას თქვენ ურთიერთობების გაფუჭებით რისკავთ, რადგან წარუმატებლად შერჩეული საჩუქარი ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან ცოტა გაქვთ საერთო. ასეთი ურთიერთობების მომავალი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ შევცდეთ? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხში ფსიქოლოგების ნაშრომები და ფსიქოლოგიის ცოდნა დაგვეხმაროს.

1. ნუ მიაქცევთ ყურადღებას საჩუქრის ფასს

ზოგი ფიქრობს, რომ მთავარი საჩუქრის ფასია და თუ თანხებს არ დაინანებს ეს იმის ნიშანი იქნება, თუ რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი მისთვის.

თუმცა, კვლევების თანახმად საჩუქრის მაღალი ფასი ყოველთვის არ არის იმის გარანტია, რომ ის საჩუქრის მიმღებს მოეწონება. ერთ–ერთი კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ძვირია საჩუქარი, მით მაღალია მისი მჩუქებლის მოლოდინი – ის ფიქრობს, რომ ნამდვილად მიიღებს მადლიერებას და დაფასებას.

თუმცა ამავე კვლევის მიხედვით საჩუქრის ფასი ადრესატის მადლიერების გარანტია სულაც არ არის და მის ხარისხსზე საერთოდაც არ მოქმედებს.

“არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საჩუქრის მიმღებზე მისი ფასი დადებით გავლენას ახდენს.“– ამბობს კარნეგი მელონის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის დოცენტი, ჯეფ გალაკი.
ის მომხმარებელთა ქცევას და შენაძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს აკვირდებოდა და აღიარებს, რომ გარკვეულ ზღვრამდე საჩუქრის ფასმა შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე.ამ ზღვრის გადალახვის შემდეგ კი ვერაფერს მიაღწევთ, ამბობს ის. მთავარია საჩუქარი და არა მისი ფასი.

2. შეაფასეთ თქვენი საჩუქრის გრძელვადიანი პერსპექტივა

გალაკის თქმით, კარგი იქნება საჩუქრის შერჩევისას შორს (ანუ მომავალში) გაიხედოთ.
“საჩუქრის გადაცემისას ადამიანებს უნდათ ამ მომენტით დატკბნენ, საპასუხო ღიმილს, სახეზე ასახულ სიხარულს ელიან. მაგრამ მას, ვინც საჩუქარს იღებს, ხშირად უნდა ეს საჩუქარი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყოს ფასეული“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, მეგობრის ან ოჯახის წევრის სახეზე დიდი სიხარული არ გამოისახოს, როცა რაიმე მომსახურების გრძელვადიან აბონიმენტს ან სასაჩუქრე ვაუჩერს აჩუქებ, რომლითაც შეუძლია მთელი წელი ისარგებლოს, თუმცა ასეთი საჩუქარი შესაძლოა ზუსტად შესაბამისი იყოს.

3. დაივიწყეთ უნიკალურობა და ორიგინალურობა

გალაკი ასევე გვთავაზობს, არ ვიმტვრიოთ თავი რამე განსაკუთრებული საჩუქრის გამოგონებაზე . ხანდახან ადამიანებს იგივე უნდათ, რაც სხვებს, ან ის, რაც უკვე აქვთ სხვებს.ერთ–ერთი კვლევის თანახმად,საჩუქრის არჩევისას ხშირად გვჩვევია ადამიანის ხასიათის უნიკალურ თვისებებზე კონცენტრირება, არადა ასეთი ჰიპერსპეციფიკა იმას იწვევს, რომ ამ ადამიანის სურვილების და საჭიროებების ყველა დანარჩენ ასპექტს იგნორირებას ვუკეთებთ. შედეგად კი მისთვის სრულიად უსარგებლო საჩუქარს ვყიდულობთ.

გარდა ამისა, ხშირად ვცდილობთ სხადასხვა ადამიანს სხვადასხვა საჩუქარი ვვუყიდოთ, მაშინაც კი, როცა ვხვდებით, რომ ყოველი მათგანი კმაყოფილი იქნებოდა ერთი და იგივე საჩუქრის მიღებით.

იმისათვის, რომ სხვების თვალში უკეთ გამოიყურებოდნენ, ადამიანები ხშირად თვლიან, რომ განსხვავებული საჩუქრები უნდა შეარჩიონ, არადა ეს მოსაზრება მცდარია, ამბობს გალაკი. როგორც წესი, ადამიანები არ ფიქრობენ ახლობლებს ისეთი ნივთი აჩუქონ, რაც თავად აქვთ, რათა ინდივიდუალობა არ დაკარგონ.არადა თუ თქვენს მეგობარს თქვენი ბოტასი მოწონს, რა მოხდება თუ ასეთივეს აჩუქებთ და უნიკალურობაზე არ ჩაიციკლებით?

4. შეიძინეთ საჩუქარი საერთო ინტერესების საფუძველზე

ფსიქოლოგიის პროფესორი დანი გვირჩევს საჩუქრის შერჩევა იმის გარკვევით დავიწყოთ, რა გაქვთ საერთო იმ ადამიანთან, ვისი გახარებაც გინდათ ამ საჩუქრით.

“ბევრად ადვილია საკუთარი თავისთვის სასურველი ნივთი შეარჩიოთ. თუ რამე საერთო გაქვთ იმ ადამიანთან, ვისი დასაჩუქრებაც გინდათ, უყიდეთ ის, რაც თქვენს მსგავსებას ასახავს. შანსები, რომ ასეთი საჩუქარი მოეწონება ძალიან მაღალია.“ – ამბობს ის.

კარგი იდეაა, მაგალითად საკუთარი “გამოცდილების ჩუქება“. მაგალითად, კულინარიის კურსების, ან კონცერტის ბილეთების. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი საჩუქრები ამ ადამიანთან გაახლოვებთ.

5. კითხეთ, რა უნდა თავად

თუ საჩუქრის ადრესატთან ნაკლები საერთო გაქვთ, დანი გვირჩევს პირდაპირ ვკითხოთ, რა უნდა თვითონ ან შევთავაზოთ შესაძლო საჩუქრების სიიდან აირჩიოს.კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ბევრად უფრო მადლიერნი რჩებიან საჩუქრის გამო, რომლებიც თვითონ შეარჩიეს.

“ხშირად ვცდილობთ შემოქმედებითი მიდგომა გამოვიჩინოთ და ადამიანი გავაოცოთ ჩვენი საჩუქრით. გარდა ამისა, ერთგვარ ტაბუდ ითვლება, რომ ადამიანს კითხო, რა უნდა საჩუქრად. არადა ყველაზე კარგი საჩუქარი ის არის, რომლის მიღებაც ადამიანს ნამდვილად უნდა“– ამბობს დანი.

მას გალაკიც ეთანხმება: ყველაზე მარტივი გზა ადამიანს ასიამოვნო, კითხო მას, რა უნდა. რატომღაც ითვლება, რომ საჩუქარი სიურპრიზი უნდა იყოს, არადა მეცნიერება საპირისპიროს ამტკიცებს.

6. ნუ იფიქრებთ საჩუქარზე ძალიან დიდხანს

ნუ დახარჯავთ მეტისმეტად დიდ ძალისხმევას იმაზე დარდში, რომ შესაძლოა საჩუქარი სწორად ვერ შეაირჩიოთ. საშინელი საჩუქრები ძალიან იშვიათად თუ შეიძლება გამოგივიდეთ – თუ ადამიანს მართლაც რამე ძალიან უხამსს აჩუქებთ.ადამიანი, რომელსაც საჩუქარს აძლევთ, ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი იქნება, რა თქმა უნდა მეტნაკლებად.

გალაკის თქმით, კვლევის დროს მან ათასი ადამიანი გამოკითხა, თუმცა ცუდი საჩუქრის შესახებ ნაკლებად თუ ვინმემ თქვა რამე.

თუნდაც ახლობელ ადამიანს მართლაც უსარგებლო რამ აჩუქოთ, ის მაინც დააფასებს, რომ მასზე იფიქრეთ, შეეცდება გაგიგოთ რატომ შეარჩიეთ მისთვის ეს საჩუქარი.

“როცა ვიღაც მოულოდნელად უცნაურ საჩუქარს გჩუქნით, გინდათ გაიგოთ, რატომ გააკეთა ეს. იწყებთ მასზე ფიქრს, და იმის გარკვევას, რაზე ფიქრობდა ამ დროს“ – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი ნიკოლას ეპლი.

მისი აზრით თუ ადამიანი იგრძნობს, რომ თქვენ დრო დახარჯეთ მისი საჩუქრის შერჩევაზე და ბევრი იფიქრეთ, თქვენს მონდომებას დააფასებს, თუნდაც სრულიად უსარგებლო საჩუქარი აჩუქოთ. მთავარი არა იმდენად საჩუქარია, რამდენადაც ყურადღება.