ბრიტანეთში ყველაზე მახინჯ ძაღლად ცნობილი ჩინური ჯუჯა ტერიერი სახელად ჩეიზი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლოს ის პრაქტიკულად უკბილო იყო და თვალის კატარაქტა აწუხებდა.
2017 წელს ჩეიზიმ მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლების კონკურსში, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა.
მისი პატრონი, უელსელი სტორმ შაილერი აცხადებს, რომ ძაღლი პანკრეატიტით გარდაიცვალა. მისი თქმით, ჩეიზი ძალიან მხიარული არსება იყო, მიუხედავად მისი სიმახინჯისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა.
“ბოლო დღემდე არ კარგავდა სიცოცხლის ხალისს. ის იყო პატარა ძაღლი დიდი გულით. სხვა ასეთი აღარ იქნება“ – ამბობს ძაღლის პატრონი.
სტორმ შაილერი აღიარებს, რომ არასოდეს არ ქონია რაიმე პრიზის იმედი, როცა ჩეიზი იყიდა. ჩეიზიმ კონკურსზე მარჯვენა თვალზე კატარაქტისა და იმის წყალობით მიიღო პრიზი, რომ კიბორჩხალასავით გადაადგილდებოდა.
“იმ დღეს თითქოს დიდების ტალღებში ნებივრობდა და ეს ძალიან მოსწონდა. ძალიან ალერსიანი იყო, ძალიან უყვარდა მოფერება,მას ვერავინ შემიცვლის“ – ამბობს სტორმი