ცნობილია, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგანმა რვა თვის შვილთან, არჩისთან ერთად საშობაო არდადეგები კანადაში გაატარეს, რის შემდეგაც ყველასთვის მოულოდნელად განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ უარი თქვან სამეფო ოჯახის უფროსი წევრებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. მედიაში სულ უფრო მეტი ინფორმაცია და დეტალები ჩნდება მათი კანადური არდადეგების შესახებ. ბრიტანული გაზეთის, The Times –ის ინფორმაციით სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ შობა–ახალი წელი 14 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილა Mille Fleurs–ში გაატარეს, რომელიც ვანკუვერის კუნძულზე დახურულ რაიონში მდებარეობს. მედია ვარაუდობს, რომ ამ სახლის პატრონი რუსი–ებრაელი მილიარდერი, 58 წლის იური მილნერია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უარს ამბობს დაასახელოს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ჰარის და მეგანს დღესასწაულების დროს საკუთარი სახლი დაუთმო. ვანკუვერის დახურულ რაიონში მდებარე უძრავი ქონების მფლობელთა ვინაობა საერთოდ არ საჯაროვდება. მედიის ინფორმაციით საცხოვრებელი კომპლექსის სახლები დახურულ კლუბ Towner Bay–ს ეკუთვნის. მისი წევრები კლუბის წილის ფლობის თანხას იხდიან. სანდო წყაროს ინფორმაციით იმ ვილის მფლობელი, სადაც ჰარი და მეგანი ცხოვრობდნენ DST Global–ის მფლობელი, Mail.Ru Group–ს ყოფილი თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,იური მილნერია. თუმცა ბიზნესმენთან დაახლოებული წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილის მფლობელი ჰარის და მეგანს 70 წლის კანადელმა პროდიუსერმა, დევიდ ფოსტერმა გააცნო. ფოსტერი 35 წლის მომღერალზე, კეტრინ მაკფიზეა დაქორწინებული, რომელიც მეგან მარკლის სკოლის მეგობარია.