COVID-19-თან ბრძოლის შვედური მოდელი ალბათ მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური – ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული WHO-ს ექპერტის, მაიკ რაიანის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია დიდი ალბათობით მხოლოდ შვედეთისთვის არის იდეალური.

,,WHO-ს ექსპერტ, დოქტორ რაიანის განცხადების თანახმად, შვედური მოდელი იდეალურია. მაგრამ რამდენად იმუშავებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოდელი? დიდი ალბათობით შვედური მოდელი მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური, რადგან რისი განხორციელებაც მოხერხდა შვედეთში, იმას სჭირდებოდა შვედური სამოქალაქო დისციპლინა და პოლიტიკური სისტემა”,- წერს გურული.

მისივე თქმით, მკაცრ და ლიბერალურ რეგულაციების ერთნაირი შედეგი მოაქვს პანდემიების დროს, ამიტომ სახელმწიფოებმა ოქროს შუალედი უნდა მოძებნონ.

,,ისევ ისტორიას თუ მივუბრუნდებით და ესპანური გრიპის დროინდელ შედეგებს გადავხედავთ, მკაცრმა რეგულაციებმაც და ლიბერალურმა რეგულაციებმაც ზუსტად ერთნაირი შედეგი მოიტანეს მსხვერპლის თვალსაზრისით. ესე იგი, არცერთი უკიდურესობა არ მუშაობს და ოქროს შუალედია მოსანახი. ეს შუალედი კი რეგულაციების მუდმივი და მოქნილი ცვლილებები უნდა იყოს, რომლის დროსაც საკარანტინო ღონისძიებები ხან უნდა შემსუბუქდეს, ხანაც გამკაცრდეს – იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების ტემპები.

ჯერჯერობით ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ემორჩილება პრევენციის უკვე ჩამოყალიბებულ მეთოდებს. მთავრობებმა უნდა მიიღონ ლოგიკური და აზრიანი რეგულაციები, რათა მოქალაქეებს მათ მიმართა აგრესია, უნდობლობა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. მხოლოდ ამ გზით იქნება მოსახერხებელი ვაქცინის შექმნამდე (ან ვირუსის მოულოდნელ გაქრობამდე) მინიმალური დანაკარგებით მიღწევა”,- წერს გურული Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ ჩაკეტვებზე, მსოფლიოსთვის COVID-19-თან ბრძოლის მოდელი უნდა იყოს.

ტრამპმა ამ განცხადების საპასუხოდ შვედეთის სტრატეგია გააკრიტიკა და თქვა, რომ შვედეთი ქვეყნის არ დაკეტვის გამო მძიმე ფასს იხდის.