არ დაკეტვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის, დღეისათვის 2 462 გარდაცვლილი ჰყავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლის შვედეთის სტრატეგია გააკრიტიკა და თქვა, რომ შვედეთი ქვეყნის არ დაკეტვის გამო მძიმე ფასს იხდის.

,,საპირისპირო ანგარიშების მიუხედავად, ქვეყნის არ დაკეტვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის. დღეისათვის 2 462 გარდაცვლილი ჰყავს. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ნორვეგია (207), ფინეთი (206) ან დანია (443). აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”- წერს ტრამპი ტვიტერზე.

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის.

რაიანის თქმით, მსოფლიომ ,,გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათაგან 2 586 გარდაიცვალა, ხოლო 1 005 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია.

შედარებისთვის: შვედეთში ერთ მილიონ მოქალაქეზე დაინფიცირებულია 2088 ადამიანი. ერთ მილიონ მოქალაქეზე 256 გარდაცვლილი მოდის.

ამერიკაში ერთ მილიონ მოქალაქეზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად მაღალია – 3251. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი შედარებით დაბალი: 1 მილიონ ამერიკელზე 191 გარდაცვლილი მოდის.