სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარ საკითხად რუსეთთან ურთიერთობა იქცა

კვირას სომხეთში დაიწყო კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგადაც ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში დარჩება და ზედიზედ მესამე გამარჯვებას მოიპოვებს. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა სომხეთის რუსეთთან ურთიერთობა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების სურვილი გახდა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათამდე იმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების გამოცხადებას კენჭისყრის მეორე დღეს აპირებს, საბოლოო შედეგები კი არაუგვიანეს მეშვიდე დღისა გახდება ცნობილი.

მედია და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა სომხეთის კურსი ათწლეულებით განსაზღვროს. ფაშინიანის პრემიერობის რვა წლის განმავლობაში სომხეთმა მარცხი განიცადა მთიანი ყარაბაღის გარშემო ომში და მძიმე რყევები გადაიტანა, თუმცა ხელისუფლების კრიტიკოსებმა საზოგადოებას ღირსეული ალტერნატივა მაინც ვერ შესთავაზეს. ოპოზიციის ფინანსურ და იდეოლოგიურ ცენტრებად კვლავ რჩებოდნენ არაპოპულარული ყოფილი პრეზიდენტები, რომლებიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში კორუფციასთან ასოცირდებიან.

ფაშინიანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ ევროპასთან დაახლოება სურს. რუსეთმა კი, თავის მხრივ, სომხეთი ასეთი გადაწყვეტილების საფრთხეების შესახებ გააფრთხილა და ქვეყნის წინააღმდეგ სავაჭრო ომი დაიწყო.

მაისში ერევანში გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის მასშტაბური სამიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მრავალი ევროპული ქვეყნის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირწმუნებოდა, რომ „სომხეთი მტკიცედ მიიწევს ევროპისკენ“, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი მიანიშნებდა, რომ ერევნისთვის შესაძლოა ევროკავშირის წევრობაც გაიხსნას.

ამ ეტაპზე საუბარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზეც კი არ არის. განიხილება მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.