ახალი კვლევის მიხედვით კორონავირუსით დაინფიცირებული იმ ადამიანების 90%–ს, ვისაც ყნოსვის და გემოს დაკარგვის სიმპტომი ქონდათ, ერთ თვეში ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაუბრუნდათ.
იტალიელი მედიკოსების ინფორმაციით პაციენტების 49%–ს ყნოსვა და გემოს შეგრძნება სრულად აღუდგა, 40%–ს კი არასრულად, თუმცა გაუუმჯობესდა. რაც შეეხება 10%–ს, სიმპტომები არ შეცვლილა და გაუარესდა კიდეც.
პანდემიის მაშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მრავალი ათასი ადამიანისთვის დაავადების შედეგები შეიძლება გრძელვადიანი აღმოჩნდეს.
გემოს და ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ–ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება. ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ექიმების რეკომენდაციით ისინი, ვინც მსგავს სიმპტომს შენიშნავს დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და კორონავირუსის ტესტი ჩაიტაროს.
როგორ უკავშირდება ეს სიმპტომები დაავადების სიმძიმეს
ექიმების საერთაშორისო ჯგუფმა 187 იტალიელის დააადების მიმდინარეობა შეისწავლა, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით ჰქონდათ და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.
მათ სთხოვეს შეეფასებინათ სუნის აღქმა დიაგნოზის დასმისთანავე და შემდეგ კი ერთი თვის თავზე.
გემოს და ყნოსვის შეგრძნების ცვლილება 113–მა ადამიანმა აღნიშნა. მათგან:
- 55 ადამიანმა აღნიშნა, რომ ყველა შეგრძნება სრულად დაუბრუნდა.
- 46 –ს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მდგომარეობა
- 12–მა კი აღნიშნა, რომ სიმპტომები კვლავ დარჩა ან გაუარესდა.
იმ ადამიანების გამოჯანმრთელებას, რომლებსაც მკაფიოდ გამოკვეთილი სიმპტომები ქონდათ უფრო მეტი დრო დაჭირდა.
ექიმი კლერ ჰოპკინსი, რომელიც ამ კვლევით ჯგუფში შედის და ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოებას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მისი გუნდი ამჟამად განაგრძობს იმის შესწავლას, როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები დიდხანს შემორჩათ.
“ჩვენი დაკვირვებით და დაგროვილი მონაცემებით ნათელია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწრაფად ახერხებს გამოჯანმრთელებას, თუმცა ვიღაცისთვის ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს. მათში, ვინც სწრაფად გამოჯანმრთელდება კორონავირუსი როგორც ჩანს მხოლოდ ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებს ეხება. მათ ორგანიზმში კი, ვისაც გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო ჭირდება, როგორც ჩანს ვირუსი იმ ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს, რომლებიც ყნოსვის შეგრძნების გადაცემაზეა პასუხისმგებელი. ამ ნერვული უჯრედების აღდგენას და რეგენერირებას კი უფრო დიდი დრო ჭირდება.“– ამბობს კლერ ჰოპკინსი.
ამ კვლევების შედეგები ამერიკის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის სპეციალიზირებულ ჟურნალ JAMA Otolaryngology – Head and Neck Surgery–ში გამოქვეყნდა.
მასალაში საუბარია იმაზე, რომ სრული გამოჯანმრთელების მაღალი პროცენტის მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი მილიონობით ადამიანმა გადაიტანა, ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ მომავალში უამრავი პაციენტი მიაწყდება, ვისაც ვირუსმა სიმპტომები დაუტოვა.