Covid19 და დაცარიელებული ქალაქების ეფექტი:დედამიწის ქერქის ვიბრაცია შემცირდა

სხვადასხვა ქვეყნებში საკარანტინო ზომების შემოღების შედეგად სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით, ქარხნების და ფაბრიკების დიდი ნაწილი გაჩერებულია. მილიარდობით ადამიანი საკუთარ სახლს ფაქტიურად არ ტოვებს.

ამ ყველაფერმა დედამიწის ქერქის  ზედაპირზე ვიბრაციის შემცირება გამოიწვია. პლანეტისთვის, რომლის მასა ექვსი მლიარდ ტრილიონი ტონაა, ეს ცვლილებები შესაძლოა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, თუმცა სეისმოლოგებისთვის ეს მოვლენა საინტერესო აღმოჩნდა.

პირველი მკვეთრი ვარდნა ბელგიის სამეფო ობსერვატორიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით დედამიწის ზედაპირის რხევები 1–20 ჰერცამდე დიაპაზონში (ეს არის უფრო დაბალი , ვიდრე კონტრაბასის ხმა და უფრო დიდი ორღანის ჟღერადობას გავს)  ბევრად შესუსტდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ შემზღუდავი ზომები შემოიღო კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით.

მსგავსი ცვლილებები შენიშნეს მეცნიერებმა სხვა ქვეყნებშიც.

ნეპალელმა სეისმოლოგებმა დედამიწის ზედაპირზე ვიბრაციის მკვეთრი შემცირება აღნიშნეს. პარიზის გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ამბობს, რომ ეფექტი მათ ქალაქშიც შთამბეჭდავია. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები კი ამბობენ, რომ ცვლილებები გამაოგნებელია.

ადამიანის მოღვაწეობით გამოწვეული ხმაურის ფონის დონის ვარდნა ნათლად ჩანს ნეპალელი სეისმოლოგების მიერ გამოქვეყნებულ ამ ილუსტაციაზე.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სეისმოგრაფები მგრძნობიარე მოყობილობებია, რომლებიც გარე ვიბრაციებს აფიქსირებენ: ისინი არა მხოლოდ მიწისძვრაზე, არამედ დედამიწის ზედაპირზე სხვა ბუნებრივი თუ ადამიანიური ფაქტორით გამოწვეულ რყევებზეც რეაგირებენ.

ასე რეაგირებენ ისინი მანქანების, საწარმოების, თვითმფრინავების, სამშენებლო სამუშაოების ან ადამიანების ჩვეულებრივი გადაადგილებით გამოწვეულ ვიბრაციებზე.

მარტივად რომ ვთქვათ, ქალაქში სასიცოცხლო აქტივობა ახლომდებარე სეისმოსადგურის მიერ ფიქსირდება, როგორც ფონური ხმაური. ინსტრუმენტების მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ საკარანტინო ზომების შედეგები მათ ჩანაწერებზე დაუყოვნებლივ აისახა.

ხმაურის დონის მკვეთრი დავარდნა იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონში ადამიანის აქტივობა მკვეთრად შემცირდა.

ახალი მონაცემები რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწის ქერქი აღარ ვიბრირებს. მაგრამ რყევების შესუსტება გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონში იმის გამო, რომ ადამიანები სახლებში სხედან მეცნიერებს იმის გაგებაში ეხმარება, როგორ ფუნქციონირებს დედამიწის ქერქის ვიბრირება.

ადამიანების საქმიანობას ერთგვარ ფონურ ხელშეშლად განიხილავენ, რომელიც საშუალებას არ აძლევს მეცნიერებს ზუსტად გაარკვიონ დედამიწის ქცევა და მისი მიზეზები.

“ჩვენ ახლა შეგვიძლია სიგნალები ნაკლები ხელშეშლით მივიღოთ, რაც საშუალებას გვაძლევს ამ  სიგნალებიდან მეტი ინფორმაცია გამოვწუროთ“ – ამბობს ვაშნგტონის შტატის სეისმოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ენდი ფრასეტო.

დედამიწის ქერქის ვიბრაციის ინტენსივობაზე ადამიანის გავლენის შესუსტებამ განსაკუთრებით საინტერესო ეფექტი გამოიწვია ბრიუსელში. ლოკდაუნის წყალობით სეისმოლოგებს გაუჩნდათ შესაძლებლობა მცირე მიწისძვრები და სხვა სეისმოლოგიური მოვლენები დაეფიქსირებინათ, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა მათი დანადგარებისთვის.

როგორც წესი, ადამიანის მიერ გამოწვეული ფონური ხმაურის ცვალებადობა ადრეც ხდებოდა. წელიწადის და დღეღამის სხვადასხვა დროს ის განსხვავებულია. მაგალითად, ზამთარში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ზაფხულში კი უფრო აქტიურად გადაადგილდებიან.

ღამით ფნური ხმაურის დონე მცირდება, გარდა ამისა მსგავსი შემცირება  რეგულარულად ხდება შაბათ–კვირას და საზეიმო დღეებში.

თუმცა ხმაურის ამჟამინდელი შემცირება ბევრად უფრო ხანგრძლივი და მაშტაბურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.