დააცხრეთ პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ- კახაძე ოპონენტებს

,,მოიხსენით პოლიტიკური მანტია, დააცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ”,- ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე პოლიტიკურ ოპონეტებს მიმართავს.

ის ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტსაც ეხმიანება და ბიუროს სხდომას იხსენებს, რომელზეც განაცხადა, რომ ვიღაცას შეიძლება პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული ჩაედინა.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა გადავიქცეთ ექიმებად, სანიტრებად, ექთნებად, პოლიციელებად, მესაზღვრეებად. სოციალური დისტანცირება კი არ არის მარტო საჭირო, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა საჭირო. შენი მონაწილეობით განხორციელებული ყველა ქმედება, რაც სხვას საფრთხეს შეუქმნის, პასუხისმგებლობას გაკისრებს. ეს ეხება იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო! მახსოვს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად, ბიუროს სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების პირობებში, ვიღაცამ პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული არ ჩაიდინოს-მეთქი. ვთხოვ ყველას, მოიხსენით პოლიტიკური მანტია, ცოტა ხნით დაიცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ”,- ამბობს კახაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარიამ სააკოორდინაციო საბჭო კონსილიუმს დაამსგავსა და მათი ყველა გადაწყვეტილება ადამიანზეა მორგებული.

,, ხელისუფლების სამაგალითო ქმედება არის ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო დაამსგავსა ძალიან კარგ კონსილიუმს. ის ყურადღებით ეკიდება ყველა იმ რჩევას, რომელიც მეცნიერებს, გამოცდილ ადამიანებს და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ყველა გადაწყვეტილება ადამიანზე, პიროვნებაზე არის მორგებული, ანუ პიროვნების უსაფრთხოებაზე. გთხოვთ ახლა ყველას ამ უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ”,- განაცხადა ლადო კახაძემ.