დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ენმ-ის კრიტიკა დამსახურებული იყო- ბოკერია

,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერაის თქმით, რაც ზუგდიდში პირბდეების დარიგებისას ხდებოდა, დაუშვებელია.

მისი თქმით, კარგია რომ ენმ-ის ადგილობრივმა ლიდერებმა კრიტიკა მიიღეს, თუმცა ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი .

,,დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ასევე, ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა”, — განაცხადა ბოკერიამ.

ის იმნაძეს და გამყრელიძეს მიმართავს, ისეთივე კრიტიკულები იყვნენ ეკლესიის მიმართ, როგორც პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.

,,მივმართავ ბატონ იმნაძეს და ბატონ გამყრელიძეს, გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი, სამართლიანი, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. თხოვნა მაქვს მათთან, რომ იყვნენ თანმინდევრული – როდესაც ასე მკაცრად დამსახურებულად აფასებენ ამას, ასეთივე მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, ნებისმიერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, სადაც რისკები ბევრად მეტია, როცა საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რის გამოც ორგანიზაცია შსს-მ 15 ათასი ლარით დააჯარიმა.