წალკის რაიონში,სოფელ ბარეთში ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. ვითარება ადგილზე ფეთქებად საშიშია. ადგილობრივ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის მწვავე დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა, რომლებიც კლინიკაში მოხვდნენ.
კონფლიქტი ორი თვის წინ დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლის შესახებაც პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირება მხოლოდ ვითარების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელში პოლიციის დამატებითი ძალები გადაისროლა. ბარეთს ახლა სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის რეალურ მიზეზებზე მხარეები არ ლაპარაკობენ, თუმცა ადასტურებენ რომ დაპირისპირება უკვე თვეები გრძელდება და სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს.
სოფელში დაპირისპირების დეტალებზე ლაპარაკს თითქმის ყველა გაურბის. მხოლოდ მცირე ნაწილი ადასტურებს იმას, რომ ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
დაპირისპირებული ახალგაზრდების მშობლები და სოფლის უხუცესები კი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზად სიგარეტს ასახელებენ.
სოფელ ბარეთის გამგებელი ჰყვება რომ თავად მონაწილეობდა მოჩხუბართა გაშველებაში და შემდეგ ახალგაზრდების შერიგებაც სცადა, რასაც თავად ჩხუბის მონაწილეები არ ადასტურებენ.
ხელჩართული ჩხუბის მიუხედავად პოლიციას საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. ძალოვანი უწყება დაპირისპირების განმუხტვას მხოლოდ სოფელში პატრულირებით ცდილობს.