“მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, აზერბაიჯანულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტურისტების გადაადგილება,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც როგორც საგარეო უწყებამ, ისე სასაზღვრო დაცვის შესაბამისმა სამსახურმა, ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე, რომ შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება. კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ რაიმე განცხადებებისგან, ეს პროცესს ნამდვილად არ წაადგება და ხელს შეუშლის. ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ, როგორც მოცემულ მონაკვეთზე, ისე საყდრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, აზერბაიჯანული მხარე გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება ამ საქმეს“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ.
„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ.
საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ – მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.