EU-მ რუსეთის გაყინული რეზერვები უკრაინის აღდგენას უნდა მოახმაროს – ბორელი

“ევროკავშირმა რუსეთის გაყინული რეზერვები უკრაინის აღდგენას უნდა მოახმაროს” – ამის შესახებ,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ბორელი დასავლეთს ასევე ახსენებს, მათ მიერ ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნაწილის კონფისკაციას, რომლებიც ვაშინგტონმა ქაბულში თალიბების მოსვლის შემდეგ გაყინა.
მისი თქმით, ლოგიკური იქნებოდა მსგავსი ნაბიჯების განხილვა რუსეთის რეზერვებთან მიმართებაში.

  • „მსგავსი ნაბიჯი რუსეთის მიმართებით სრულიად ლოგიკური იქნება. თუ ავღანური ფულის გამოყენება შეიძლება, რატომ არა რუსული ფულის“, – განაცხადა ბორელმა. 

ევროკავშირის ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ ამ საკითხზე,  შეიძლება თუ არა რუსეთის რეზერვების გამოყენება უკრაინის აღდგენისთვის, თუმცა ბრიუსელს ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.