EU რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე შეთანხმდა – სანქციების მე-6 პაკეტი

ევროკავშირი რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ შეთანხმდა რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე. საუბარია იმპროტის 2/3-ის აკრძალვაზე.

“შევთანხმდით სანქციების მეექვსე პაკეტზე. ეს საშუალებას მოგვცემს, აიკრძალოს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. სანქციები დაუყოვნებლივ აისახება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ზე. ხოლო წლის ბოლომდე ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90% აიკრძალება”,– დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე.

სანქციების პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენიც და განაცხადა, რომ პაკეტი, ფაქტობრივად, შეამცირებს ნავთობის იმპორტის დაახლოებით 90%-ს რუსეთიდან ევროკავშირში წლის ბოლომდე.

სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს SWIFT-ის სისტემიდან რუსული სბერბანკის გათიშვას, 3 რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას.