Facebook-ზე აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო ეSპერსონა – მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაციa “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, ფეისბუქი წმენდას აგრძელებს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო ეS პერსონა.

,,როგორც ჩანს, “ფეისბუქ”-წმენდა გრძელდება! დღეს უკვე აღარ იძებნება ცრუ მედია გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელი, რის შესახებაც გუშინ გამოვაქვეყნეთ. აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო “ეSპერსონა” და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. აღარ არის ნათია ბერიძის და გიორგი ხეთაგურის ანგარიშებიც, რომლებიც ბევრ ამ ჯგუფს მართავდნენ.

ასევე, აღარსად ჩანს “ორი გვამი უნდათ”, “იყავი და გაგეკეთებინა”; ” პოლიტიკური სანაგვე”; “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”; “ბრძენი ქოცი” და სხვა გვერდები და ჯგუფები. ანუ, როგორც ანტიოპოზიციური, ისე ანტისახელისუფლებო გვერდები, რომლებიც ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობდნენ და მაშინ ჩვენს ანგარიშებში მოხვდნენ”,- წერს ბენიძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს Facebook-ის მიერ მასშტაბური ოპერაცია დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმიდან წასაშლელად.

,,დეკემბერში მსგავსი ოპერაციის შემდეგ, რიგმა ასეთმა გვერდმა და ჯგუფმა თვითდეაქტივაციას მიმართა. ამდენად არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი “ფეისბუქის” ნაცვლად თავისი ინიციატივით მიმალულიყვნენ არაავთენტური ქმედებების კვალის წასაშლელად.

ახლა საინტერესო იქნება “ფეისბუქის” ოფიციალური ანგარიში, რომლის შემდეგაც შეგვეძლება უფრო დეტალურად შევაფასოთ ვითარება. მანამდე, ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ანგარიშს შემოგთავაზებთ”,- აცხადებს მიხეილ ბენიძე.