G7-ის შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა ესწრება, საქართველო არ მიიწვიეს

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში ერთმანეთს ხვდებიან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო “გლობალური კრიზისზე” სასაუბროდ.

DW-ს ცნობით, შეხვედრებზე, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრები, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში არ არის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე გადაიქცა “გლობალურ კრიზისად”, რადგან ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეული არის რუსეთის მიერ ბლოკირებული უკრაინაში, ოდესის პორტში.

მისივე განცხადებით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უზრუნველყოფს “საკვებს მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით საჭიროა აფრიკის ქვეყნებისთვისა და ახლო აღმოსავლეთისთვის“.

„ამიტომ ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ განხორციელებული მარცვლეულის ბლოკადის დებლოკირება, როგორ მივიტანოთ მარცვლეული მსოფლიოში“,– აღნიშნა ბერბოკმა.