გია ყანჩელის ხსოვნას ვენის ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი მიუძღვნეს

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი ავსტრიაში საქართველოს საელჩოა. კონცერტში მონაწილეობდნენ ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები, მათ შორის: პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი. კონცერტს ესწრებოდა ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საშობაო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. ელჩმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვნებას. დავით დონდუამ სტუმრებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარუდგინა და მათი წარმატებული სახელოვნებო კარიერის შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი და საქართველოს სახალხო არტისტი 84 წლის იყო.