ორი გორილა, რომლებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ პარკ ვირუნგაში ცხოვრობენ, ამ პარკის რეინჯერის სელფში მოხვდნენ. ისინი ფოტოზე ადამიანებივით პოზირებენ – ორ ფეხზე დგანან და კამერაში იყურებიან.
გორილებთან ერთად გადაღებული სელფი რეინჯერმა მატიე შავამუმ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
რეინჯერს გორილები მშობლად თვლიან. მან ორი პატარა გორილა, რომელთა მშობლები ბრაკონიერებმა მოკლეს 2007 წელს გადაარჩინა. ოთხი თვის გორილები მან ნაციონალურ პარკში ცხოველების თავშესაფარში მიიყვანა. პარკის დირექტორის მოადგილის, ინოსენტ მბურანუმვეს თქმით, დაობლებულმა მაიმუნებმა მანერები მათი აღმზრდელებისგან გადაიღეს. მათ შორის, ორ ფეხზე სიარულიც ისწავლეს. ისინი განსაკუთრებულები არიან, რადგან თავშესაფარში გაზრდილი სხვა ცხოველები ადამიანის ასე მიბაძვას ვერ ახერხებენ.
“ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ასეთი რამ ვნახე. ძალიან სასაცილო იყო. ძალიან საინტერესო საყურებელია, როგორ შეუძლია გორილას ადამიანის მოქმედებების იმიტირება და ორ ფეხზე სიარული“ – ამბობს ინოსენტ მბურანუმვე.
ნაციონალური პარკი ვირუნგა აფრიკაში ერთ–ერთი უძველესია.