გორის ეკლესიაში იოსებ სტალინის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

გორში, ადგილობრივმა კომუნისტებმა და სტალინელებმა, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალების 67-ე წლისთავი აღნიშნეს. ინფორმაციას და ფოტომასალას “qartli.ge“ ავრცელებს.

კომუნისტებმა და სტალინის სხვა მომხრეებმა ეს დღე საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქ გორში აღნიშნეს.

თავდაპირველად, სახლ-მუზეუმის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი, გორის ღვთისშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს.

საბჭოთა ბელადის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი თავად გადაიხადეს, სასულიერო პირები მათთან არ მისულან.

იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი)  სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია, 1935-37 წლების მასობრივი რეპრესიები, 1941-45 წლებში ფაშისტურ გერმანიასთან ომი.

იოსებ სტალინი გორში 1878 წელს დაიბადა. 

სტალინის სახელობისაა გორის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა მშობლების: ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს.