{{ARTICLEIMAGE}}
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაზე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციონერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გურჯაანში, რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.
“ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას: “მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც არ გასულა. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. თუ გაჩუმდებით, დავით კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ, რადგან ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ტარაკნებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დათოს გარეთ გამოვიყვანთ”.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.