Guardian: პუტინი ხაფანგშია და სასოწარკვეთილია. დაეხმარებიან თუ არა მას დასავლელი მეგობრები

პრეზიდენტი პუტინი მთელი ძალით ცდილობს თავი დააღწიოს ხაფანგს, რომელშიც საკუთარი თავი თვითონ გამოამწყვდია – წერს ბრიტანული გამოცემა Guardian–ის მიმომხილველი საიმონ თისდელი.

ის ვეღარ მისცემს თავს უფლებას უკრაინაში ომი გააჭიანუროს, რადგან დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიას ანადგურებს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა და შესაძლებლობები კი შეუქცევადად იწურება.

აქედან გამომდინარე, რა ვარიანტები დარჩა პუტინს?

  1. მან შეიძლება ცრუ გამარჯვება გამოაცხადოს, თქვას, რომ “საფრთხე“ ნატოს მხრიდან ნეიტრალიზებულია, და გამოვიდეს დარეგულირების შეთავაზებით, რომელიც უკვე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს. თუმცა, მან ზუსტად იცის, რომ კიევი ასეთ პირობებს საკუთარი ნებით არასოდეს დათანხმდება.
  2. მან შეიძლება ბრძოლის ველზე ესკალაციაზე დადოს ფსონი, მაგალითად, ბელორუსი გამოიყენოს კიევის ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გასახსნელად, თუმცა გაურკვეველია, უნდათ თუ არა ეს მის გენერლებს.
  3. მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საუკეთესო ვარიანტი უკრაინის მოკავშირეებისთვის ფსონების გაზრდაა, რათა კიევის წინააღმდეგობას ძირი გამოუთხაროს.

სინამდვილეში, ის ახლა სწორედ ამით არის დაკავებული. ევროპაში იზრდება შეშფოთება ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის გამო. გარდა ამისა, რუსეთს გასაოცრად ბევრი მოკავშირე ყავს, რომლებიც პოლიტიკურად დანაწევრებულ ევროპაში არიან მიმოფანტული.

ევროკავშირის შიგნით ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი არაერთხელ შეეწინააღმდეგა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, გასულ თვეში კი ცალმხრივი გაზის გარიგება დადო კრემლთან.

იტალიის ორი უკიდურესად მემარჯვენე პარტიის ლიდერებს, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია,  არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციაში შევლენ, ბევრი წლის განმავლობაში მჭიდრო კავშირები ქონდათ მოსკოვთან.

სხვა ევროპელი რადიკალი მემარჯვენეები (და მემარცხენეებიც), პოპულისტური პარტიები ამა თუ იმ ხარისხით, საკუთარ თავს აიგივებენ პუტინის იდეოლოგიასთან და კონსერვატიულ სოციალურ ღირებულებებთან.

პუტინი ასევე შეიძლება დაეყრდნოს წამყვან პოლიტიკოსებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგალითად სერბიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს. ის რუსეთის დიდი ხნის მოკავშირეა და არ დავიწყებია 1999 წელს ნატოს მხრიდან ბელგრადის დაბომბვა.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შიშობენ, რომ პუტინმა შეიძლება დასავლეთ ბალკანებში არასტაბილურობა გამოიყენოს, რათა ძველი კონფლიქტები გააღვივოს და უკრაინიდან ყურადღება გადაიტანოს.

პუტინის უგუნური ქცევა ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმაზე მეტყველებს, რომ გამარჯვებისთვის ის მზად არის ყველაფრით გარისკოს. სასოწარკვეთილი პუტინი ყოველდღიურად სულ უფრო საშიში ხდება– წერს საიმონ თისდელი.