ჰარი და მეგანი დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ. როგორ აპირებს წყვილი ფულის შოვნას

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცხოვრების და გეგმების შესახებ მას შემდეგ, რაც მათ ოფიციალურად თქვეს უარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე. წყვილთან დაახლოებულმა წყარომ მედიას უამბო, როგორ აპირებენ ისინი შემოსავლის მიღებას.

ინსაიდერის ცნობით მეგანი და ჰარი დოკუმენტური ფილმების გადაღებას და გახმოვანებას აპირებენ სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება. ამ ვერსიას ადასტურებს სტრიმინგ გიგანტის, Netflix–ის კონტენტ დირექტორის, ტედ სარანდოსის სიტყვები. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ძალიან არის დაინტერესებული ჰარისთან და მეგანთან თანამშრომლობით.

“ისინი დოკუმენტური ფილმების გადაღებას აპირებენ. სასექსის ჰერცოგები ძალიან მოტივირებულები არიან და უნდათ ოჯახს დაუმტკიცონ, რომ ეს მართლაც გამოუვათ. თუ გავითვალისწინებთ მეგანის სამსახიობო წარსულს, ასევე ჰარის ინტერესებს ამ სფეროში, მათი არჩევანი სწორია. მეგანი და ჰარი არ ჩქარობენ კონტრაქტების გაფორმებას. საეჭვო ხელშეკრულებები გამორიცხულია“– ამბობს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ჰარიმ და მეგანმა სამეფო უფლებამოვალეობებზე უარი იანვრის დასაწყისში თქვეს და განაცხადეს, რომ უნდათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ამიერიდან ისინი ვეღარ მიიღებენ წილს სუვერენული გრანტიდან, რომელიც სამეფო ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. პირველი წლის განმავლობაში ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი წყვილს საკუთარი პირადი ფონდებიდან დაეხმარება. მომავალში კი მათ თავად უნდა იშოვონ საარსებო თანხები სხვადასხვა პროექტების, საჯარო გამოსვლების, მოდურ ბრენდებთან თანამშრომლობის და საკუთარი წიგნების გაყიდვის გზით.