“ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ (შეერთებულ შტატებში) გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს.“ – ასეთი პასუხი გასცა ამერიკის ხმასთან ბოლო ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ჟურნალისტის კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.
რა არის ის, რაც “ბევრისთვის მოულოდნელობა იქნება“, კონგრესმენი არ აკონკრეტებს, თუმცა ინფორმირებული წყაროები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ აშშ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადება. ინფორმაცია ივანიშვილის აქტივების, ქონების და საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებიც ქართული ოცნების ლიდერს დასავლეთის ქვეყნებში აქვს, უკვე თავმოყრილი და აღრიცხულია. შესაბამისმა სტრუქტურებმა ივანიშვილის ოფშორული კომპანიებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზეც იზრუნეს.
კონკრეტულად როდის და რა ფორმით მოხდება ამ პაკეტის რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა აშშ–ში მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ივანიშვილის მიმართ გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევთ, რადგან ის არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების შეჩერებას და საკუთარი შეუზღუდავი ძალაუფლების შეზღუდვას.
ამ პრობლემებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ გასული წლის ბოლოდან მზარდი და ინტენსიური გახდა. დემოკრატიის უკუსვლაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებზე, პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობაზე, სასამართლო სისტემის პრობლემებზე ღიად საუბარი 20 ივნისის შემდეგ გააქტიურდა, მას შემდეგ კი, რაც ივანიშვილის უმრავლესობამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, კრიტიკა გამწვავდა. 2019 წლის ბოლოს კი დაიწყო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების მიერ პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი წერილების სერია, რომლებშიც ქართული დემოკრატიის პრობლემებზე იყო საუბარი. წერილებში არაპირდაპირ სანქცირების თემაც იყო ნახსენები, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებდნენ, რომ ეს წერილები ცალკეული კონგრესმენების პოზიციას გამოხატავდა და არა თეთრი სახლის ადმინისტრაციისას.
ამის მიუხედავად ოცნებამ, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ საარჩევნო სისტემა 2020–ის არჩევნებამდე აღარ შეიცვლებოდა და თემა დაიხურა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყო, ჯერჯერობით რეალური დათმობების გარეშე და სავარაუდოდ მხოლოდ დასავლეთის კრიტიკის გასანელებლად.
დასავლეთიდან ივანიშვილს და მისი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუმარტეს, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმება, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და დემოკრატიის უკუსვლის შეჩერება, თუმცა გიგი უგულავას დაკავებამ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ივანიშვილი მათი შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს და ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მხოლოდ დროის მოგების ტაქტიკაა.
ერთ–ერთი ყველაზე მწვავე წერილი, რომელიც გახარიამ (რეალურად კი ივანიშვილმა) ამერიკიდან 30 იანვარს მიიღო, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატ ლიდერს, სენატორ ჯინა შაჰინს ეკუთვნის. წერილის ტონი უკიდურესად მკაცრია და პრაქტიკულად პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, აშშ იძულებული გახდება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს:
“ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.
დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს”-წერია წერილში.
ივანიშვილის მიმართ დასავლეთი არაერთი გაფრთხილების და მოწოდების უპასუხოდ დატოვების შემდეგ newsreport.ge -ს ინფორმაციით პარტნიორებმა შესაბამისი ქმედებებისთვის მზადება დაიწყეს. ისინი ივანიშვილს აღარ ენდობიან და თვლიან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. აშშ–კი არ აპირებს საქართველოში ავტორიტარიზმის ფორმირებას გულგრილად უყუროს და პარტნიორობა გააგრძელოს ქვეყანასთან, სადაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელება.
19 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა. მან შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებთან.
ოფიციალური ინფორმაციით შეხვედრაზე სოჩამ განიხილა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი და ისაუბრა მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში.
19 თებევალს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა “საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე”.
განცხადების მიხედვით, სოჩამ “ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.”
ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც პრაქტიკულად ადასტურებს იმ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ კრის სოჩამ საქართველოში ივანიშვილისთვის უმკაცრესი გაფრთხილება და სანქცირების პაკეტი ჩამოიტანა. გადაწყვეტილება აშშ–ში უმაღლეს დონეზეა მიღებული. არც ჯიმ რიშია რიგითი სენატორი და არც კრის სოჩა სენატის რიგითი კლერკი.
სარწმუნო წაყაროს ცნობით, ერთ–ერთ ვარიანტად საქართველოსთან პარტნიორობის რამდენიმე პროექტის შეჩერებაც განიხილებოდა, თუმცა აშშ–სთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ავტორიტარიზმის გზაზე მდგარი ოლიგარქის გამო ის ამ ქვეყანასთან პარტნიორობაზე უარის თქმას არ აპირებს, მითუმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლური განწყობას იზიარებს და ქვეყანას დიდი ხანია არჩეული აქვს ევროატლანტიკური კურსი. შესაბამისად, მთავარი სამიზნე პერსონალურად ივანიშვილი ხდება, რომელმაც ეს კურსი და არჩევანი ეჭვქვეშ დააყენა. სანქციებიც პირადად მას შეეხება. საუბარია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის – მისი ოჯახის წევრების, გარემოცვის გავლენიანი ფიუგრების, მასთან დაახლოებული ბიზნეს ელიტის ანგარიშებისა და ქონების დაყადაღებაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.
რა თქმა უნდა, ივანიშვილის მთელ ქონებას სანქციები ვერ შეეხება – მას დღემდე რჩება ქონება რუსეთში, ასევე საქართველოში აქვს ისეთი აქტივები და ქონება, რომელსაც სანქციები შესაძლოა ვერ შეეხოს, თუმცა სანქციებისთვის სავარაუდოდ ისეთი დრო და ფორმა იქნება შერჩეული, რაც გამყინავ ეფექტს იქონიებს და ივანიშვილის ფულზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გავლენას მთლიანად ჩამოშლის.
ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოვლენების ამგვარი განვითარება შეაჩეროს, თუ ის საარჩევნო სისტემის რეფორმას დათანხმდება, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს შეწყვეტს და დასავლეთს დაარწმუნებს, რომ არ აპირებს ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას, თუმცა ამის იმედი პარტნიორებს პრაქტიკულად აღარ დარჩათ.