ინდოეთის ანდხრა პრადეშის შტატში 73 წლის მანგაიამა არამატიმ ორი ტყუპი გოგონა გააჩინა. ქალი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად დაფეხმძიმდა. ბავშვები ხუთშაბათს დაიბადნენ. ქალი მშობიარობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მანგაიამა არამატი და მისი 82 წლის ქმარი ამბობენ, რომ ყოველთვის უნდოდათ შვილების ყოლა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, თუმცა ბავშვების დაბადების მეორე დღეს, მათი მამა საავადმყოფოში მოხვდა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით.
კითხვაზე, რა ეშველებათ მის შვილებს თუ ასაკის გამო მშობლებს რაიმე დაემართებათ, მამაკაცი პასუხობს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა.
წყვილისთვის შვილების გაჩენა, თუნდაც ხანდაზმულ ასაკში მნიშვნელოვანი იმის გამოც იყო, რომ ისინი უშვილობის გამო საკუთარ სოფელში იდევნებოდნენ.
ქალი ამბობს, რომ ის მრავალი წლის მანძილზე ცდილობდა დაფეხმძიმებას და არაერთ ექიმთან იყო, თუმცა უშედეგოდ. ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე ბედნიერია.