ISW: ბახმუტთან რუსული ძალები თითქმის ამოწურულია

უკრაინაში რუსული აგრესიის მიმდინარეობის შესახებ დღევანდელ ანგარიშში ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აგრძელებს სიტუაციის ანალიზს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო, აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლის აღებას რუსული ჯარები ბოლო თვეებში წარუმატებლად ცდილობენ.

გუშინ ინსტიტუტის ანალიტიკოსებიმა ივარაუდეს, რომ ბახმუტთან რუსული ჯარების მოქმედებებმა თითქმის კულმინაციას მიაღწია. დღეს კი ამაზე ბევრად მეტი დარწმუნებით საუბრობენ.

აშშ-ს სამხედრო დოქტრინა „კულმინაციას“ განსაზღვრავს, როგორც პუნქტს, როდესაც რომელიმე მხარის შეიარაღებულ ძალებს აღარ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ საბრძოლო მოქმედებების უწინდელი ფორმატი, იქნება ეს შეტევითი თუ თავდაცვითი, და როდესაც ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევა და იძულებულნი არიან თავდაცვაზე გადავიდნენ ან ოპერატიული პაუზა აიღონ.

იმაზე, რომ ბახმუტში რუსულმა ჯარებმა კულმინაციას მიაღწიეს, ექსპერტების აზრით, რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს.

უკრაინელი მაღალჩინოსნები ბახმუტის ფრონტის პოზიციებს დაუბრკოლებლად სტუმრობენ. 20 დეკემბერს ქალაქს ეწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 27-28 დეკემბერს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. უფრო მეტიც, გეოლოკაციის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ბუდანოვი არაუმეტეს 600 მეტრის დაშორებით იყო რუსული ჯარების უახლოესი ცნობილი მდებარეობიდან.

ბუდანოვის ვიზიტი ადასტურებს უკრაინულ სოციალურ ქსელებში ადრე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21 დეკემბერს წარმატებული ტაქტიკური კონტრშეტევა ჩაატარეს, რის შედეგადაც რუსული ჯარები ბახმუტის გარეუბანიდან გააძევეს.

ომის ზონის ბოლო კადრები ადასტურებს ISW-ის წინა შეფასებებს, რომ დიდი დანაკარგების გამო, რუსული ძალები ახლა 10-15 კაციანი მცირე ქვეითი ნაწილებით უტევენ  ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის  გარეშე (რაზეც გუშინდელ ანგარიშში იყო საუბარი).

გავრცელებული ინფორმაციით, ბახმუტთან მოქმედი „ვაგნერის ჯგუფის“ მხარდასაჭერად რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები გაგზავნეს, სადაც 27 დეკემბერს მათ ვაგნერელებთან ერთად ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს. ის ფაქტი, რომ ვაგნერელების დასახმარებლად კონვენციური რუსული სამხედრო ძალების გაგზავნა გახდა საჭირო, ადასტურებს, რომ „ვაგნერის ჯგუფმა“ ამ მიმართულებით კულმინაციას მიაღწია. აქამდე ვაგნერი მუდმივად ხაზს უსვამდა მის  განსაკუთრებულ როლს ბახმუტზე შეტევაში, თუმცა ახლა ამ ფორმირების ძალები თითქმის მთლიანად ამოწურულია დარეგულარული არმიის დახმარება ესაჭიროებათ.

თუმცა, თუ რუსეთის ძალებმა ბახმუტში მართლაც მიაღწიეს კულმინაციას, მათ მაინც შეუძლიათ გააგრძელონ აგრესიული შეტევები.

ასეთ პოზიციაზე, მათ შესაძლოა მაინც განახორციელონ არაეფექტური შეტევები მცირე დანაყოფებით, თუმცა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა თავდასხმებმა რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატება მოიტანოს, ასკვნის ISW.