ISW: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაკეევკაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა დონეცკის ადგილობრივ ხელისუფლებას დააბრალოს

უკრაინული HIMARS სისტემის გამანადგურებელმა მაღალი სიზუსტით დარტყმამ მაკეევკას რუსულ ბაზაზე ახალი წლის ღამეს კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია  რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები რეგულარულ ანგარიშში.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დარტყმის შედეგად 10-მდე ტექნიკა განადგურდა, თუმცა მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა არ დაასახელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ პროფესიული სასწავლებლის შენობაზე დარტყმის შედეგად, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, 400 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს აღიარა დარტყმის ფაქტი და 63 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. თუმცა, სხვადასხვა წყაროები საუბრობენ ასობით დაღუპულ რუს მობილიზებულ სამხედროზე.

ISW მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს უსაფრთხოების ზომების ცუდი ორგანიზებისა და ოპერაციების საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებსა და თავად მობილიზებულებზე გადაიტანოს.

ე.წ.  “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“  წარმომადგენლებმა რუსულ მედიას განუცხადეს, რომ დარტყმის მიზეზი იყო “სამხედრო პერსონალის მაღალი ფიჭური აქტივობა”.

“წინასწარი ინფორმაციით, HIMARS-ის დარტყმის მიზეზი იყო ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების მიერ მობილური ტელეფონების აქტიური გამოყენება. მტერმა ECHELON-ის სადაზვერვო კომპლექსის გამოყენებით გამოავლინა ფიჭური კავშირგაბმულობის აქტივობა და აბონენტების მდებარეობა”, – განაცხადა TASS-ის წყარომ.

კრემლის მომხრე გამოცემებმა და ზოგიერთმა “სამხედრო კორესპონდენტმა” განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ უკრაინის შესაძლებლობები და მოითხოვეს სამხედრო პერსონალის მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების მკაცრი წესების შემოღება.

საინფორმაციო სივრცეში ასევე გავრცელდა მოწოდებები, დაისაჯონ ისინი, ვინც გადაწყვიტა სამხედრო ბაზისთვის პროფესიული სასწავლებლის შენობის გამოეყენებინათ.