ISW: უკრაინული ძალები ემზადებიან ბახმუტიდან ჯარების გასაყვანად

როგორც ჩანს, უკრაინული ძალები ემზადებიან ჯარების კონტროლირებადი გაყვანისთვის ბახმუტის ზოგიერთი რაიონიდან, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები  ყოველდღიურ მოხსენებაში.

რუსული ჯარები 2022 წლის მაისიდან ცდილობდნენ დაიკავონ ბახმუტი – ქალაქი, სადაც ომამდე დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობდა და ამ პროცესში დიდ ზარალს განიცდიან.

3 მარტს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის რაიონში ორი მნიშვნელოვანი ხიდი გაანადგურეს – ერთი მდინარე ბახმუტოვკაზე ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ერთი ხრომოვოსკენ მიმავალ გზაზე, ბახმუტის დასავლეთით, წერს ISW.

ხიდების პრევენციული განადგურება შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ უკრაინული ძალები ელიან, რომ შეაფერხებენ რუსული ძალების წინსვლას ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილში და შეზღუდავენ  რუსული ძალების პოტენციურ გასასვლელ მარშრუტებს ბახმუტიდან დასავლეთისკენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსანდრე როდნიანსკიმ 28 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბახმუტის პოზიციებიდან საჭიროებისამებრ შეიძლება უკან დაიხიონ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის დასავლეთით მდებარე ტერიტორია გამაგრებულია, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქალაქიდან უკან დახევის შემთხვევაშიც რუსული ძალები ვერ შეძლებენ სწრაფად წინსვლას.

თუ უკრაინის სამხედრო სარდლობა საჭიროდ ჩათვლის ჯარების გაყვანას, მაშინ,  უკრაინული მხარის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იქნება სამხედროების შეზღუდული და კონტროლირებადი გაყვანა აღმოსავლეთ ბახმუტის განსაკუთრებით რთული სექტორებიდან, ამბობენ ექსპერტები.

ISW-ის ანგარიშში ასევე საუბარია „დივერსანტთა რეიდზე“ ბრაიანსკის რეგიონში, რომელიც 2 მარტს მოხდა. რუსი ოფიციალური პირები აგრძელებენ ბრაიანსკის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ ფრაგმენტული ინფორმაციის გამოქვეყნებას, მაგრამ ამან ამ ისტორიას სიცხადე არ შემატა. ISW ჯერ კიდევ ვერ ადასტურებს რუსეთის ოფიციალური პირების და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ბრალდებებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად რეგიონში.