საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს 22 საათზე დაიწყო და თითქმის 4 საათის განმავლობაში ხმაურისა და ცხარე კამათის ფონზე გაგრძელდა.
კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, ხოლო კომიტეტის წევრთა ნაწილი სხვა მხარეს.
“სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მიუხედავად იმისა,რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა, მას პლენარული სხდომის ფორმატში მაინც განიხილავენ.