{{ARTICLEIMAGE}}ღირსეული, კეთილშობილი ადამიანი, საუკეთესო მამა – ამ სიტყვებით დაემშვიდობა უმცროსი ჯორჯ ბუში, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი მამას ჯორჯ ბუშ უფროსს.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტთან, უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ცხედარი ტაძარში კაპიტოლიუმის როტონდიდან გადაასვენეს, სადაც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს ორი დღის განმავლობაში მიაგო პატივი ათასობით ამერიკელმა.
სწორედ საკათედრო ტაძარში წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა.
“მან ჩვენ გვასწავლა, რომ სახელმწიფო სამსახური კეთილშობილური და საჭირო საქმეა. მას ჰქონდა საოცარი უნარი, საკუთარი თავი მთლიანად ხალხისთვის მიეძღვნა”.
ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი დაესწრნენ. უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და იორდანიის მეფე აბდულა.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ცხედარი ვაშინგტონიდან ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში სამხედრო თვითმფრინავით გადაასვენეს. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალავენ, მეუღლის ბარბარას და სამი წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაცვლილი ქალიშვილის, რობინის გვერდით. უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს, ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1993 წლებში იკავებდა.