ფასთფუდის რესტორნების საერთაშორისო ქსელის – Domino’s Pizza –ს ლონდონის ოფისში “ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთა მიიღეს.“ შეკვეთის ავტორმა ქალმა დედოფალ ელისაბედისთვის 4 სხვადასხვა შემადგენლობის პიცის მიტანა მოითხოვა. გადახდის ფორმად კი ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორება მიუთითა. დისპეჩერი გაკვირვებული დარჩა, თუმცა შეკვეთა რეალიზაციისთვის გადაგზავნა, მალე კი უახლოესი რესტორნიდან კურიერი შესაბამის მისამართზე გაემგზავრა.
მოტოციკლით მისული ახალგაზრდა შესასვლელში დაცვამ გააჩერა. მძღოლმა აუხსნა, რომ მას მიჰქონდა “შეკვეთა ელისაბედისთვის“. სამეფო გვარდიის თანამშრომლები დაეჭვდნენ და სასახლეს დაუკავშირდნენ იმის დასაზუსტებლად, მართლა შეუკვეთა თუ არა დედოფალმა ელისაბედ მეორემ 50 ფუნტი სტერლინგის ღირებულების პიცა. უცნაურ კითხვაზე მათ რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს.
“უკაცრავად სერ, ელისაბედი – ეს დედოფლის სახელია. ის ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს. ვფიქრობ ვიღაც გეხუმრათ.“– უთხრა გვარდიელმა კურიერს.
როგორც გამოცემა The Sun წერს, კურიერი საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა და იქაურობა დატოვა.
Domino’s–ს წარმომადგენელმა, ჟუჟანა კაიზერმა მომხდართან დაკავშირებით იხუმრა: “ყოველთვის ვეჭვობდით, რომ დედოფალი ჩვენი ფარული ფანატი იყო. ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთამ ჩვენი ეჭვები დაადასტურა.“
Domino’s უმსხვილესი ქსელია, რომელშიც 75 ქვეყანაში 12 ათასი ფილიალი შედის. ყოველდღიურად ისინი დაახლოებით 1.5 მილიონ პიცას ყიდიან.